ოსკაროსანი მსახიობი ქეით უინსლეტი ამბობს, რომ „ტიტანიკის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ინტერვიუში მსახიობი ყვება, რომ სიმსუქნის გამო ხშირად წაუკითხავს მასზე დაწერილი არასასიამოვნო კომენტარები, მათ შორის ცნობილი ადამიანების მხრიდან. მაგალითად მსახიობმა ჯოან რივერსმა იხუმრა, რომ ტიტანიკი არ ჩაიძირებოდა, ქეითს რომ რამდენიმე კილო დაეკლო. უინსლეტი ამბობს, რომ ამ ტიპის ბულინგის მსხვერპლი ის წლების განმავლობაში იყო.
„20 წლის ვიყავი, როცა ჩემს მიმართ არანორმალური კრიტიკა დაიწყო, ყველა ჩემს წონაზე წერდა, მიწევდა პასუხის გაცემა, ამიტომ მედიაში უხასიათო მსახიობის იმიჯი მომაკერეს. არადა უბრალოდ თავს ვიცავდი, 20 წელია მსუქანს მეძახიან და მაკრიტიკებენ“ – ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, მას ძალიან დაეხმარა ოჯახი და შვილის დაბადების შემდეგ დამოკიდებულებაც შეცვალა. უინსლეტი სიხარულით აღნიშნავს, რომ დღეს საზოგადოების მიდგომები შეიცვალა, რაც ყველა ქალისთვის სასიამოვნოა.