“საპროტესტო აქტივობები, ქუჩის აქტივობები იქნება ინტენსიური, აქტიური და გაგრძელდება. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი ენა, რომელიც დღეს ხელისუფლებას ესმის, ქუჩის საპროტესტო აქტივობებია. ეს გაგრძელდება.” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა და აღნიშნა, რომ 20 მარტის აქცია კვლავ დღის წესრიგშია.
მინაშვილის თქმით, კონკრეტულად აქციასთან დაკავშირებით დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.
მისივე თქმით, აქციასთან დაკავშირებით დეტალები დღის ბოლოს გახდება ცნობილი და თუ ხელისუფლება გარკვეულ საკითხებს არ დათანხმდება, პროტესტი კიდევ უფრო გაფართოვდება და ინტენსიური გახდება:
“ეს პროცესი გაგრძელდება და იქნება თანხვედრა ორი პროცესის – მეგობრებთან მუშაობა და საპროტესტო აქტივობები. ადამიანებს ამ ქვეყანაში აქვთ ყოველდღიური პრობლემები. ადამიანებს აქვთ სურვილი, გამოხატონ პროტესტი. ჯერჯერობით, სხვა გზა პრობლემების გადაჭრია არ არის. ამიტომ არის ხელისუფლების მხრიდან საჭირო გონივრული ნაბიჯი, რომ დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნებს, რომ ეს პროტესტი ვადამდელ არჩევნებზე გამოიხატოს. თუ ხელისუფლება ამას არ ეთანხმება, ბუნებრივია, პროტესტი იქნება ქუჩაში, ფართო და კიდევ გაფართოვდება და ინტენსიური გახდება.” – თქვა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეა, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დიალოგში ჩართულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.
ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია – ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღესაც: კრისტიან დანიელსონი