საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „20 ივნისს უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს“, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიას ეხმიანება და აცხადებს, რომ 20 ივნისზე პასუხისმგებლობა გახარიადან დაწყებული, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით აბსოლუტურად ყველას ეკისრება.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ღარიბაშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს არც ადამიანი, არც მისი თვალი, არც ჯანმრთელობა და არც ღირსება.
ხოშტარია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი გახარიას შორის არსებული „გარჩევები“ არ აინტერესებს.
„20 ივნისზე პასუხისმგებელია გახარიადან დაწყებული ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი, რომელიც მაშინ იყო. ამ მოვლენების შემდეგ მათ გახარია დააწინაურეს და ის გახდა პრემიერ-მინისტრი. გახარიას გადადგომამდე ყველა საუბრობდა ლავროვის რიტორიკით, რომ ეს იყო პარლამენტზე მიტანილი შტურმი. გუშინ, რადგან ასე დასჭირდა, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს არ ყოფილა შტურმი და პარლამენტში ვერავინ შეიჭრებოდა. ღარიბაშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს არც ადამიანი, არც მისი თვალი, არც ჯანმრთელობა, არც ღირსება. ისინი ფაქტებს ისე ატრიალებენ, როგორც კონკრეტულ მომენტში აწყობთ. არ მაინტერესებს ღარიბაშვილსა და გახარიას შორის „გარჩევები“, თითოეულ მათგანს ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.