„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაევალა“, – ინფორმაციას ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით, ასევე, შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე.
გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში შესული არ არის. ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი.
ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. აღსანიშნავია ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს ოდენობის და მისი ფარგლების ნაწილშიც“. – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განცხადებაში.