„2-თვიანი მარაგები, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, წამოსულია კლებისკენ“,- ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ლევან სილაგავას განმარტებით, ეს რიცხვები არის საყურადღებო.
„საქართველოში, სამწუხაროდ, მიმდინარეობს ტენდენცია, როდესაც ფქვილის იმპორტი ანაცვლებს ხორბლის იმპორტს. შემიძლია გითხრათ, რომ იმის შემდეგ, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული რუსეთის მიერ, მცურავი ბაჟის შემოღების შესახებ, ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ, ხორბლის იმპორტი შემცირებულია, დაახლოებით, 40%-ით. ეს არის საკმაოდ საყურადღებო ციფრები. თუ ჩვენ საქსტატის გამოქვეყნებული სტატისტიკით შევხედავთ, ისინი ამას ანგარიშობენ წლის დასაწყისიდან, იმიტომ, რომ კლასიკური წელი არის 1-ლი იანვრიდან 1-ელ იანვრამდე, ის დრამატიზმი, რომელიც დღეს ბაზარზე ხდება, აქ არ შეიმჩნევა, რადგან სტატისტიკის ნიველირება ხდება იანვრიდან დაწყებული და გამოქვეყნებულია, რომ ფქვილის იმპორტი გაზრდილია 2-ჯერ. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებიდან და სეზონის დაწყებიდან, ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ“,- განაცხადა ლევან სილაგავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მისივე განმარტებით, დღეს, დაახლოებით, არის თვენახევრის მარაგი. ეს არ არის კატასტროფული მდგომარეობა, მაგრამ საყურადღებოა.