“2 მარტს ჩვენ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად, ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას, იმისთვის რომ ჩვენი ხმა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა გავაგონოთ მათ”, – პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა გააცნო.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანმოიძემ განაცხადა, “ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ “შენობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, კომფორტით ვერ დაჯდეს გავრილოვის ვერც ერთი მსახური”.
ოპოზიციის მიერ წარდგენილი საპროტესტო ტალღის გეგმა ასეთია:
- 2 მარტს იგეგმება პარლამენტის შენობის პიკეტირება;
- 11 მარტს აქცია გაიმართება სასამართლოსთან;
- 13 მარტს მარში და აქცია თავისუფლებისთვის ისევ პარლამენტის შენობის წინ;
“5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას, იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახურს”. – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძემ სიტყვით გამოსვლის დროს ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა და თქვა, რომ მათ ვერ შეაშინებენ, რადგან მათ უკან არის თავისუფლება და მთავარი იდეა – სამშობლო:
“მინდა მივმართო ღარიბაშვილს, რომელმაც ჩვენ ყველას ერთად გვიწოდა რადიკალები, იმ ადამიანებს რომლებიც ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ამ ადამიანმა ვერ მოითმინა რამდენიმე საათით, გამოაგზავნა ივანიშვილის დამქაშები ჩვენს ოფისთან და რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას, ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს, გადაწყვიტა, რომ ძალით და იარაღის ჟღარუნით შევეშინებინეთ, მაგრამ მე მინდა მას ვუთხრა, ამ გამორჩეულ, უსინდისო, არაფრისმცოდნე, უინტელექტოს, რომ გახედავ და იქით ბიძინა ივანიშვილი ჩანს – ვერ შეგვაშინებ, ვერასოდეს, რადგან ჩვენს უკან არის თავისუფლება, იმიტომ რომ ჩვენს უკან არის მთავარი იდეა, ჩვენს უკან არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი სამშობლო დავუთმოთ რუსეთს, ამიტომ დღევანდელი ჩვენი აქციის გაგრძელების გეგმა არის ასეთი – აქ გაიშლება კარვები, რომლებიც ჩამოვიდნენ ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან.
იქნება სხვადასხვა პარტიის კარვები, სადაც მუდმივად იქნება პროტესტის ცენტრი, ხოლო ვისაც გვინდა ჩვენი ხმა გავაგონოთ უსამართლობის მთავარ სიმბოლოს დღეს, გადავინაცვლოთ მთავრობის კანცელარიასთან და იქაც გავმართოთ პროტესტო აქცია”. – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.