LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 კმ² ფართის მქონე ყველაზე მდიდრული ქვეყანა – „ბონ ვოიაჟი”

354
მონაკო

ვატიკანის შემდეგ ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ყველაზე მდიდრული ქვეყანა, სადაც როგორც ამბობენ, საშუალო ფენა არ არსებობს. მიუხედავად მისი ტერიტორიული სიმცირისა, სანახაობებით ნამდვილად გამოირჩევა და მნახველებსაც არ უჩივის. ეს მონაკოა, ნიცადან სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარე. თავისი ლანდშაფტით, სიმდიდრით და აზარტული თამაშების კულტით ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.

„ბონ ვოიაჟი” მონაკოს საინტერესო ადგილების შესახებ გიამბობთ.

მონაკო, ოფიციალურად მონაკოს სამთავრო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე. წელიწადის 300 დღე აქ მზიანია. მისი ფართი 2 კმ2-ია და 18 000 მოსახლე ცხოვრობს. სახელმწიფო ენა ფრანგულია,თუმცა იტალიური და ინგლისურიც უმეტესობამ იცის. ძნელი წარმოსადგენია,მაგრამ ამ პატარა ფართობზე ბევრი მიმზიდველი სანახაობა და მიზეზია, რისთვისაც მას უნდა ესტუმროთ. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად სახელწოდება მონაკოს ძველ ბერძნებისგან გამომდინარე დაერქვა.საუკუნეების წინათ სწორედ აქ მდებარეობდა ბერძნული კოლონია მონოიკი, რაც “განმარტოებული ჰერაკლეს ნავსაყუდელს” ნიშნავს.

ქვეყნის შემოსავლის წყარო ტურიზმი, აზარტული თამაშები და იმ მილიარდერთა ინვესტიციები და გადასახადებია აქ,რომ ცხოვრობენ. აქ უძრავი ქონების ფასი მსოფლიოში ყველაზე მაღალია – კვადრატული მეტრი დაახლოებით 70 000 ევრო ღირს და ამ ფასად არა მარტო უძრავ ქონებას, არამედ მონაკოში ბინადრობის უფლებასაც ყიდულობთ.

დავიწყოთ იქიდან,რომ 1929 წლიდან იმართება “ფორმულა 1-ის” გრანპრის რბოლა, რომლის საყურებლადაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან.

აღსანიშნავია,რომ მონაკოს მოსახლეობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჯანმრთელად ითვლება. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აქ 88 წელია. აქაურები ცხოვრების ჯანსაღ წესს, ჯანსაღ საკვებს და სპორტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

კაზინო მონტე-კარლო

სანახაობებს და გასართობს შორის გამორჩეულია მსოფლიოში ცნობილი სამორინე “მონტეკარლო”. ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და რესპექტაბელურ კაზინოდ ითვლება, განსაკუთრებით პოპულარული ფილმ ჯეიმზ ბონდის შემდეგ გახდა. საინტერესოა ის ფაქტი,რომ მონაკოს მოქალაქეებს კაზინოში თამაში ეკრძალებათ და ეს კანონი სამეფო ოჯახის წევრებზეც ვრცელდება.

ავტომობილების მუზეუმი

 პრინცი რეინერ მესამე ავტომობილების დიდი თაყვანისმცემელი იყო და 1993 წლიდან მონაკოში ჩასული ვიზიტორები მისი პირადი მანქანების კოლექციას გამორჩეულ სანახაობად მიიჩნევენ. აქ დაახლოებით 100 უიშვიათესი მოდელი დაგხვდებათ,მათ შორისაა ფერარის,მაზერატის, როლს როისის, ლინკოლნსა და ლამბორჯინის მოდელები.

ოპერის თეატრი

გამორჩეული არქიტექტურა აქვს მონეკარლოს ოპერის თეატრს, რომელიც ასევე შარლ გარნიეს პროექტით აშენდა. აქ მსოფლიოს გამორჩეულ საოპერო შემსრულებლებს ხშირად შეხვდებით. შენობა ზღვის სანაპიროსთან დგას და 524 ადამიანს იტევს.

ეს ჯუჯა სახელმწიფო რამდენიმე ულამაზესი ბაღით გამოირჩევა მათ შორისაა:

პრინცე გრეისის ვარდების ბაღი

ეს საოცარი ადგილი 1984 წელს მონაკოს პრინცმა, რეინერ მესამემ გააშენებინა, მეუღლის, გრეის კელის გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე. იმ ფაქტიდან გამომდინარე,რომ პრინცესას საყვარელი ყვავილი სწორედ ვარდი იყო აქაურობას 6000 ვარდი ამშვენებს და მისი ნახვა ნამდვილი საოცრებაა.

ეგზოტიკური ბაღი

თუ კი ეგზოტიკური მცენარეების ხილვა გსურთ მაშინ 1933 წელს გაშენებულ ეგზოტიკურ ბაღს უნდა ესტუმროთ. ის ქალაქის თავზეა და ძირითადად კაქტუსები და სუკულენტები შეგხვდებათ.

 იაპონური ბაღი

სრული სიმშვიდისა და მყუდრო გარემოსთვის კი იაპონურ ბაღს ესტუმრეთ.

ოკეანოგრაფიის მუზეუმი

ულამაზესი სანახაობაა ოკეანოგრაფიის მუზეუმი.კლდეზე აგებული ეს დახვეწილი შენობა ხმელთაშუა ზღვას გადმოჰყურებს და შთამბეჭდავ აკვარიუმებს აერთიანებს. მუზეუმი ექსპონატების უმდიდრესი კოლექციით გამოირჩევა და რომელსაც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი წყალქვეშა მკვლევარი ჟაკ ივ კუსტო ხელმძღვანელობდა. შენობიდან გასაოცარი ხედები იშლება.

 ფორტ ანტუანის თეატრი

ღირსშესანიშნაობებს შორისაა ღია ცის ქვეშ თეატრი,რომელიც ერთ დროს ციხესიმაგრე იყო,სადაც ხშირად ტარდება სიმფონიური მუსიკის კონცერტები თუ თეატრალური წარმოდგენები.

 წმ. ნიკოლასის კათედრალი

ეს ის ადგილია,სადაც მონაკოს სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წევრის განსასვენებელია მათ შორის, გრეის კელის და პრინც რეინერის.

მონაკოს პრინცის სასახლეში კი ყოველი დღის 11:55-ზე, მცველების შეცვლის ტრადიციული რიტუალის მომსწრენი გახდებით.

 სანაპიროზე სეირნობა,უზარმაზარი გემების ფონზე პორტის გარემოთი ტკბობა და კონცხიდან ზღვის პეიზაჟის ხედების ყურება სრული განტვირთვის გარანტიაა. გემების სიდიდის გამო მას ჰერკულესის პორტსაც უწოდებენ.

 და ბოლოს, შესაძლოა მონაკოში შოპინგს ვერ შესწვდეთ,მაგრამ ამ სავაჭრო ცენტრის ნახვა მაინც ღირს. მდიდრული ინტერიერის ფონზე აქ მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების მაღაზიებს შეხვდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები