LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2.5 საათში რაჭაში: საჩხერე–რაჭის გზის პროექტირება დაწყებულია

103

საჩხერე–რაჭის გზის პროექტირება დაწყებულია. ამის შესახებ „ფორტუნასთან“ რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გზის მშენებლობა 2017 წელს, საჩხერიდან დაიწყება, მისი დასრულება კი 2020 წელს მოხდება. გზა რამდენიმე ლოტად დაიყოფა და მშენებლობაც ნაწილ–ნაწილ განხორციელდება.

„როგორც კი ერთი ლოტის პროექტირება დასრულდება, გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება მშენებლობა, პარალელურად მოხდება სხვა ლოტების პროექტირება და კონკურსების გამოცხადება“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

ახალი გზა თბილისიდან რაჭამდე მისასვლელ გზას ერთ საათზე მეტით შეამცირებს.

„,ეს გზა ტურისტების რაოდენობას გაზრდის არა მხოლოდ რაჭაში, არამედ ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში“, – აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ „ფორტუნასთან“.

მისი თქმით, ამ გზის აშენების შემდეგ, ტურისტებს და მოგზაურებს საშუალება ექნებათ მესტიაში ალტერნატიული გზით მოხვდნენ რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიონის გავლით, რადგან ასევე დაგეგმილია ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის პროექტირებაც უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ ზემო იმერეთი-რაჭის მიმართულებით 2 ზოლიანი 55 კილომეტრიანი გზის მშენებლობის დაწყება იგეგმება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საჩხერე-შქმერი-ონის გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა განეხორციელებინა, 2014 წლის იანვარში დააანონსა. თუმცა პროექტი ამ დრომდე არ დაწყებულა. სამინისტროს განმარტებით, მშენებლობა დიდ კაპიტალურ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, გზის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ზემო რაჭაში ჩასვლა ორსაათნახევარში იქნება შესაძლებელი.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები