საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
ვასილ მაისურაძის შეგირდებმა VIII შესარჩევ ჯგუფში ბოლო მატჩი ავსტრიელ თანატოლებთან ფრედ, 0:0 დაასრულეს და საბოლოოდ 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს. ქართველი ჭაბუკები საგზურის მოპოვებას ალბანელ თანატოლებს უნდა უმადლოდნენ, რომლებმაც პარალელურად მიმდინარე ჯგუფის მატჩში უელსს ანგარიშით 3:2 მოუგეს.
ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა ნიონში, უეფას შტაბბინაში 3 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ნადარია, ლოჩოშვილი, კაკიაშვილი, ართმელაძე, ბაშალეიშვილი (66, ალთუნაშვილი), მამუჩაშვილი, კომახიძე, კიკნაძე (80, გვარაძე), გოშთელიანი (კ), მიქელთაძე (66, ბიძინაშვილი).
აღსანიშნავია, რომ შესარჩევ ჯგუფში ჩატარებულ სამ მატჩში ქართველმა ჭაბუკებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს – ალბანეთთან მინიმალური ანგარიშით მოგებულ შეხვედრაში, მანამდე კი უელსთან 0:3 დათმეს. ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით ავსტრიამ დაიკავა.