LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 აპრილის შეთანხმება რომ განეხორციელებინა ქართულ ოცნებას, ახლა გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა ჩვენი შანსები: ანა ნაცვლიშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე

88
ანა ნაცვლიშვილი

რას უნდა აკეთებდეს და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით? – აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ფორტუნას“ ეთერში პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება რომ განეხორციელებინა ქართულ ოცნებას, ახლა გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა ჩვენი შანსები. მისივე თქმით, საქართველოში არსებული სიღარიბის, უმუშევრობის, ფასების ზრდის, უსამართლობის და უპერსპექტივობის განცდის შესაცვლელად რეფორმების განხორციელებაა საჭირო.

რაც შეეხება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ „ოპოზიცია აწარმოებს აგიტაციას EU-ში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ“, ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ხელისუფლებისთვის ჩვევა გახდა საკუთარი უსუსურობის და არასწორი ნაბიჯების გადასაფარად იპოვონ ბრალდებული“.

ნაცვლიშვილი: პრემიერს ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია, ამიტომ მოგვევლინა ოპოზიციის ბრალმდებლად, რომ ის არის კოპლებიანი თუ ზოლიანი სპილო – “ლელო” ღარიბაშვილს პარლამენტში იბარებს

„ამ საკითხზე მუდმივად ჩარჩო არის. ახლა ევროკავშირში შესვლას აფერხებს ოპოზიცია, გუშინ სხვა რაღაცას აფერხებდა. ხელისუფლებისთვის ჩვევა გახდა საკუთარი უსუსურობის და არასწორი ნაბიჯების გადასაფარად იპოვონ ბრალდებული. ხან ოპოზიციაა ეს, ხან დასავლეთია, ხან არასამთავრობო სექტორია, ხან საქართველოს მოქალაქეები არიან. ყველაა პასუხისმგებელი რაღაცაზე მათ გარდა. ეს ზოგადი ტენდენცია და ჩვევა გახდა ხელისუფლების.

რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად? – რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, ეს 10 წლის განმავლობაში არაერთხელ იქნა ნათქვამი. საჭიროა რეფორმების განხორციელება, რომ საქართველო მყარად გაიმართოს ფეხზე და ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ასრულებდეს თავის ფუნქციას და ემსახურებოდეს მოქალაქეებს. ბოლოს რეფორმების განსახორციელებელი კონკრეტული ნაბიჯები გაიწერა „19 აპრილის შეთანხმებაში“. ამ რეფორმების საჭიროება თავად ქართულმა ოცნებამ აღიარა, მაგრამ არ განახორციელა და შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ეს შეთანხმება რომ განეხორციელებინა ქართულ ოცნებას, ახლა გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა ჩვენი შანსები და ევროკავშირის წევრობას, რომ თავი დავანებოთ, სხვა ტიპის სახელმწიფოში ვიცხოვრებდით.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უბრალოდ ფიქრობს, როგორ წავიდეს ამ ქვეყნიდან, რადგან უმუშევრობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ადამიანებს ეკარგებათ პერსპექტივის და საკუთარ სამშობლოში საკუთარი თავის რეალიზების განცდა. ეს პრობლემებია საქართველოში: სიღარიბე, უმუშევრობა, ინფლაცია, ფასების ზრდა, უსამართლობისა და უპერსპექტივობის განცდა. ამ პრობლემებიდან ამოსასვლელად საჭიროა პროგრესი და პროგრესი გამოიხატება სწორედ რეფორმებში.

უნდა გადმოიღონ კანონპროექტები, რომელიც „ლელოს“ და სხვა ჯგუფებს ინიცირებული აქვთ და შემოდებულია ხელოვნურად თავზე „ოცნების“ მხრიდან, უნდა გადმოიღონ ეს კანონპროექტები და დაიწყონ მათი განხორციელება“,- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.