LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

180300 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება – “საზოგადოება და ბანკები”

158
სესხი

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 180 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნდა. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 10.524 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

“1 თებერვლიდან 1 მარტამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 1300-ით შემცირდა, თუმცა, მთლიანი პორტფელი – 10.434 მილიონიდან 10.524 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

180300 ხელშეკრულებიდან 78300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1695 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ლი მარტის მდგომარეობით 20.42% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მარტის მონაცემებით 73300 სესხია მიბმული, საშუალოდ 14.36%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3407 მილიონი ლარია.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

27600 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 თებერვალთან შედარებით 100-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 5382 მილიონი ლარია, საშუალოდ 14.72%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მარტის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 24.3 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 17.28%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 16.1 მილიონი ლარია.

1 მარტის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.7%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 20.42%-ია, რომელსაც მოყვება ავტო სესხი – 17.28%-იანი განაკვეთით.1 მარტის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა შემცირებულია. 1 თებერვლის მონაცემებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება არც ერთი მიზნობრიობით გაცემულ სესხებში არ შეიმჩნევა.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, მიუხედავად ინფლაციის გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტებისა, სიფრთხილითაა გამოწვეული. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ინფლაციური წნეხი გაზრდილია, რასაც შესაბამისი გამკაცრებული პოლიტიკით პასუხობენ ცენტრალური ბანკები. ეს კი, თავის მხრივ, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მნიშვნელოვნად აუარესებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იკლებს, თებერვალში მან 8.1% შეადგინა, იგი საკმაოდ დიდხანს დარჩა სამიზნე მაჩვენებლიდან გადახრილი, რაც უარყოფითად მოქმედებს ინფლაციურ მოლოდინებზე და ზრდის მიმართულებით ქმნის ინფლაციაზე ზეწოლას. ასევე შრომის ბაზარზე პროდუქტიულობა ხელფასების ზრდის ტემპს ჩამორჩება, რაც დამატებითი წნეხია ინფლაციაზე. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება, მანამდე კი შენარჩუნდება მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებიც თან ახლავს.

გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედებამ საკრედიტო აქტივობა შეანელა. ასევე, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საქართველოში ევროსა და დოლარის სესხებზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვება გააგრძელოს და გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რაც სამომავლოდ ფასების სტაბილურობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შორის წონასწორობას უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია “საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციაში.