180 ლარი პენსია, დღეს ეს არის ჩემი შემოსავალი – ასე უპასუხა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილის კითხვას, თუ რამდენს წარმოადგენდა დღეს მისი შემოსავალი.
მისივე თქმით, მას ბოლო 2 წელია შემოსავალი არ ჰქონია.
“ბიზნესები ჩემ შვილზეა და ასე ვცხოვრობთ, ერთი ოჯახი ვართ. თუ გინდათ, სიმართლე გითხრათ, პენსიაც არ მაქვს გაფორმებული. ამათმა იციან, რომ ბოლო 2 წელნახევარია, შემოსავალი არ მაქვს და უნდათ ჩემ შვილზე ზეწოლა მოახდინონ. ტელევიზია უნდათ და ვერ მიიღებენ”, – განაცხადა წერეთელმა.
მოსამართლე დაინტერესდა, თუ რამდენი არის წერეთლის ოჯახის შემოსავალი.
“ჩვენ ოჯახს აქვს ბიზნესი, რომელსაც “ტვ პირველი“ ჰქვია”, საიდანაც შემოსავალი 10 000 ლარი არ იქნება“, – განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს დილით მიმართა. საგამოძიებო უწყება წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.