LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

179 600 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება – „საზოგადოება და ბანკები“

119
paydayloans-cover-16x9

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, 2023 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179600 სესხია გაცემული, რომელთა უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 10.5% დარჩა.

„დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 10.712 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა, მთლიანი პორტფელი – 10.688 მილიონიდან 10.712 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

179600 ხელშეკრულებიდან 78200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1774 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისის მდგომარეობით 20.66% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მაისის მონაცემებით 72500 სესხია მიბმული, საშუალოდ 14.89%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3431 მილიონი ლარია.

28000 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 აპრილთან შედარებით 300-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 5470 მილიონი ლარია, საშუალოდ 14.43%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 22.5 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 26.11%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 15 მილიონი ლარია.

1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ავტო სესხზე – 26.11%-ია, რომელსაც მოჰყვება სამომხმარებლო სესხი – 20.66%-იანი განაკვეთით.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ზე დატოვა

1 მაისის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა უცვლელია. 1 აპრილის მონაცემებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება ფიქსირდება ავტო სესხებზე 16.88%-დან 26.11%-მდე.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ინფლაციის გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტებისა და ინფლაციის შემცირების ტენდენციითაა გამოწვეული. 2022 წლის შუა პერიოდიდან საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები ეტაპობრივად იკლებს, ტრანსპორტირების ღირებულებაც პანდემიამდელ დონეს უახლოვდება. მაისში წლიური ინფლაცია 1.5%-ია, ხოლო წლის ბოლომდე 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება. გაცვლითი კურსის გამყარება და მიმდინარე ტენდენციები ადგილობრივ ბაზარს გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. კლებადი ინფლაციური მოლოდინები, დაკრედიტების დონე, ეკონომიკური ზრდის ტემპი განაპირობებს ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსული ინფლაციური ზეწოლის არ არსებობას. საკმაოდ მაღალია ეკონომიკური ზრდა, რამაც პირველ 4 თვეში 7.7% შეადგინა და მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის საკმაოდ დიდ წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. მოსალოდნელია რომ განაკვეთის შემცირების ტემპები დაბალი იქნება მაღალი გაურკვევლობის პირობების არსებობის გამო.

„მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვება გააგრძელოს და გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი რაც, სამომავლოდ ფასების სტაბილურობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შორის წონასწორობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიმოხილვაში.