თინეიჯერი ადამ ჰერგენდერი, ვეიპინგმა თითქმის შეიწირა.
18 წლის ათლეტი სტუდენტი ელექტროსიგარეტის ერთწლიანი მოხმარების შემდეგ, საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ექიმები ამბობენ, ახლა მისი ფილტვები 70 წლის მამაკაცისას ჰგავს.
“ამაზე ფიქრი ძალიან მზარავს – რა უქნა პატარა მოწყობილობამ ჩემს ორგანიზმს” – ამბობს ინტერვიუში ადამ ჰერგენდერი.
ბიჭმა არ იცის, დაუბრუნდება თუ არა მისი ფილტვები ნორმალურ მდგომარეობას. ადამი წუხს იმაზე, რომ ექიმები ვერ ეუბნებიან, შეძლებს თუ არა ის ჭიდაობას.
“ალბათ მოჭიდავის კარიერას ვეღარ გავაგრძელებ, რადგან ეს სპორტი ძალიან დიდ ძალას მოითხოვს და არ ვიცი ამას შევძლებ თუ არა,” – აცხადებს ადამი.
თინეიჯერი ჰოსპიტალში აგვისტოს ბოლოს მოხვდა. ექიმები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეც რომ დაეგვიანა, ფატალური შედეგი დადგებოდა.
“ბიჭი დედამისს სულ ორი დღის დაგვიანებითაც რომ მოეყვანა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. როცა შემოიყვანეს, ის ახალგაზრდა ადამიანისთვის ზედმეტად მძიმედ სუნთქავდა. ძალიან სამწუხაროა ის, რომ შესაძლოა ფილტვის დაზიანებები ვეღარ აღდგეს” – ამბობენ ადამის მკურნალი ექიმი.
ადამის დედამ პოლიმ ექვსი დღე საავადმყოფოში, შვილთან ერთად გაატარა.
ადამი ერთ-ერთია იმ ასობით ამერიკელიდან, რომლებიც ელექტრო სიგარეტის მოხმარების გამო, ფილტვების გაურკვეველი დაავადებით იტანჯება. მათი უმეტესობა ახალგაზრდები არიან. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ სახელდება და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
საზოგადოება რეგულაციებს ითხოვს, ტრამპის ადმინისტრაცია კი გეგმავს თამბაქოს არომატის გარდა, ბაზრიდან ყველანაირი არომატული ელექტროსიგარეტი ამოიღოს.
“რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან არის გაზრდილი სკოლის ასაკის ახალგაზრდებში ამ არომატული სიგარეტების გამოყენება,” – თქვა აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანთა სერვისების მდივანმა ალექს აზარმა.
ადამი ახლა სახლშია, თუმცა ფიზიკური აქტივობა კვლავ შეზღუდული აქვს.
18 წლის ათლეტს უჭირს კიბეებზე გადაადგილება, სუნთქვა და დაქვეითებული აქვს ყნოსვა.
ოჯახი იმედოვნებს, რომ ის მალე უკეთესად იქნება.
პირველი რაც ადამმა სახლში დაბრუნების შემდეგ გააკეთა
თინეიჯერმა რამდენიმე მეგობრის დაყოლიება შეძლო, რომ ელექტროსიგარეტისთვის თავი დაენებებინათ.
“მე უკეთ ვხდები ნელ-ნელა, მაგრამ არავინ მინდა ჩემს სიტუაციაში აღმოჩნდეს… არავინ მინდა იმდენი დრო გაატაროს საავადმყოფოში, რამდენიც მე” – ამბობს ის.
ბოლო პერიოდში, 450 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, ზოგიერთი მათგანი ფატალურადაც დასრულდა.
საზოგადოება მეტ რეგულაციას ითხოვს. ტრამპის ადმინისტრაცია კი გეგმავს ბაზარზე არსებული არომატის მქონე ელექტროსიგარეტები, სრულად ამოიღოს, გარდა თამბაქოს არომატისა, რადგან აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ასოციცაციამ განაცხადა, რომ საშუალო სკოლის მოსწავლეების მეოთხედი იყენებს ელექტროსიგარეტს და მათი უმრავლესობა პიტნის ან ხილის არომატს ანიჭებს უპირატესობას.
ვაპინგსა და ფილტვის მძიმე დაავადებებს შორის კავშირის შესახებ ფედერალური გამოძიება მიმდინარეობს. კავშირი ამ ორს შორის ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა ყველა ქეისში, რომელიც საქმეში დევს, ელექტროსიგარეტი ფიგურირებს.
გასულ კვირას კი ნიუ-იორკის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოძიების ფარგლებში შესწავლილ პროდუქტებში, კანაფის შემცველ ყველა არომატში, ვიტამინი E acetate-ს ძალიან მაღალი ნიშნული დაფიქსირდა. სწორედ ამას უკავშირებენ, გაურკვეველ ფილტვების დაავადებას.