აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 17 ივნისს თბილისს ეწვევა. კარენ დონფრიდი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ „თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა.
ამერიკელი მაღალჩინოსანი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, როგორც ოპოზიციას ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახილველ თემებს შორისაა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის არაპროვოცირებული ომი და აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აგრეთვე განიხილავს იმას, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის წინსვლაში, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და წარმატებული მომავლის მშენებლობაში შემდგომი მხარდაჭერა“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
დონფრიდს 14-დან 19 ივნისამდე, ასევე, დაგეგმილი აქვს ვიზიტები აზერბაიჯანსა და სომხეთში. იგი თბილისამდე ბაქოს ეწვევა, შემდეგ კი 18 ივნისისთვის ერევანში გაემგზავრება.