17 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც იესო ქრისტეს დიდებით შესვლას უკავშირდება იერუსალიმში.
ბზობა მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება აღდგომის წინა კვირას. ტრადიციის მიხედვით, ბზის ტოტები მზის ამოსვლამდე უნდა მოიჭრას. მოჭრილ ტოტებს აკურთხებენ, კურთხევის შემდეგ კი მოსახლეობას იგი სახლებში მიაქვთ.
”ბზობის” შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს – ბაიას უფენდა, თან “ოსანას” შესძახოდნენ.
ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ “ოსანას” და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ეწევა (აქედანაა ქართული “ბზობა”).
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად მკაცრდება კონტროლი ბზის უკანონო მოპოვებაზე. აკრძალულია ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ტოტების დაზიანება.
კანონმდებლობით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.