“სილქნეტსა” და “ჯეოსელს” შორის გარიგების ღირებულებამ 153 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, “სილქნეტის” მიერ “ჯეოსელის” ყიდვის შესახებ მიღწეული შეთანხმების შედეგად იქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც „სილქნეტის“ ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას “ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან აერთიანებს.მათივე განცხადებით, სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიების გაერთიანება უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისების უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მიღწეულია შეთანხმება „ჯეოსელის“ აქციონერებთან: “Telia Company” (STO:TELIA) და “Turkcell” (NYSE: TKC, IST: TCELL).
გარიგების ღირებულებამ შეადგინა 153 მლნ აშშ დოლარი. დაფინანსება მოხდება “თიბისი ბანკის” მიერ ორგანიზებული ქართული და რეგიონული ბანკების სესხითა და „სილქნეტის“ საკუთარი კაპიტალით. როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ოპერატორი “სილქნეტისა” და მობილური ოპერატორი “ჯეოსელის” გაერთიანებით, საქართველოში იქმნება სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია.
“გარიგება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომელიც ფიქსირებულ და მობილურ ქსელებს ფლობს. გაზრდილი მასშტაბი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კომპანიის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივი განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენი აბონენტები ამის შედეგად კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტები, სერვისები და კონტენტი”, – განაცხადა „სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანიის, “სილქ როუდ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში.