LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე ორი მუხლით ბრალდებული ნაწილობრივ გაამართლეს – მოზარდის დედა უვადო პატიმრობას ითხოვს

407
350AA7B9-7912-4829-A062-09A3B5376C02

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგოს, ნინი ცეცხლაძის საქმეზე გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 24 წლის მამაკაცს, ნიკა ტაკიძეს  7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას პროკურატურა ბრალს სდებს არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირსა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში.

მოსამართლემ ბრალდებული თვითმკვლელობამდე მიყვანის ნაწილში გაამართლა და დამნაშავედ ცნო მხოლოდ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ახალგაზრდა კაცს არც ეს დანაშაული ჩაუდენია და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

საპირისპიროს ამტკიცებს გარდაცვლილი გოგოს დედა, რომელმაც აჭარის ტელევიზიას განუცხადა, რომ ბათუმის სასამართლომ გამოიტანა მსუბუქი სასჯელი, რომელსაც გასაჩივრებენ. გარდაცვლილის დედა, მერი რომანაძე ტაკიძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს.

„თავის დროზე, როცა ეს ამბავი მოხდა და ეს ბიჭი არ დაიჭირეს, ესე იგი, რაღაც ხდება და ამ საქმეში დიდი ადამიანია ჩართული. რა თქმა უნდა, უმკაცრეს სასჯელს ვითხოვ და განაჩენს გავასაჩივრებ. ჩემი შვილი მიწაში იყოს და მისთვის 7 წელიც ბევრია?“- განუცხადა აჭარის ტელევიზიას გარდაცვლილი ნინი ტალახაძის დედამ.

შეგახსენებთ, რომ 14 წლის ნინი ცეცხლაძის ცხედარი 2021 წლის თებერვალში ნახეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში, საკუთარი სახლის ეზოში.

გამოძიების თანახმად, მოზარდის თვითმკვლელობას წინ უძღოდა სექსუალური კავშირი ახალგაზრდა კაცთან და ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ გოგონას მიმართ ბაბუის მუქარა და ძალადობა.

2021 წლის აგვისტოში, ქობულეთის სასამართლომ ბაბუა დამნაშავედ ცნო მხოლოდ ძალადობაში და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.