LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში 80 მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და ვერტმფრენია ჩართული

365
pjimage (1)

13 წლის ილია ფილფანს უკვე მე-18 დღეა ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის ძებნას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. როგორც მღებრიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა , სამძებრო სამუშოებში 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული.

„წინა დღეს ვიკამათეთ, იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა” – დაკარგური ბავშვის მამა

ამასთან,  საქართველოში არსებულ ყველა აქტიურ სატელეფონო ნომერზე უწყებამ “112”-ით შეტყობინებები გაგზავნა ილია ფილფანის ფოტოსურათით, რათა მოქალაქეებმა, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ 112-ზე.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ დაკარგული მოზარდის მშობლებთან და ოჯახს სამძებრო სამუშაოებზე განახლებულ ინფორმაციას ყოველდღიურად აწვდიან.

“მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში. ილია ფილფანის გაუჩინარებიდან დღემდე, მეხანძრე- მაშველების მიერ დათვალიერებული და შემოწმებულია სოფლები: ლენჯერი, ლაშდღვერი, მესგუნი, ნემსია, სოლი, კაერი, ლხანი, ქართვანი, ლანხვრი, ისკარი, ცალანარი, ეცერი, კალაში, უშგული, უღვალი, ფარი, ზემო ლუჰა, ქვემო ლუჰა, ლახამულა, ნოდაში, მაგარდი, ლეზგარა, სვიფი, ღვებალდი, სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი, ზარგაში, ქურელი, ბეჩო, მაზერი, ჯორკვალი, ლატალი და აღნიშნულ სოფლებში არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები. ასევე, შემოწმებულია მუგვირის ტერიტორია, ქორულდის მთის ტერიტორია, ჭუბერი და მის გარშემო ტერიტორია, ლაღამი, ლანჩვალა, სოკოს უბანი. მეხანძრე-მაშველებმა ფეხით გაიარეს ბეჩო-დიზი-ხაიში-ჯვარამდე ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიები, ჭალადის მყინვარზე არსებული ტურისტული მარშრუტი, მესტიის საბაგიროს მიმდებარედ არსებული ტყის მასივი, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები, სოფელ ებუთის და ჰაწვალის მთის ტყის მასივი და უღელტეხილ ჰოკოს მიმდებარედ არსებული 4 ძველი უმოქმედო გვირაბი. ჯამში მეხანძრე-მაშველების მიერ შემოწმებულია 38 სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ასევე, დათვალიერებული და შემოწმებულია 7 მდინარე, მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ხეობები. მეხანძრე-მაშველებმა შეამოწმეს მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები, ასევე ტყეები. საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ დაკარგული მოზარდის ოჯახთან. ილია ფილფანის მშობლებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდებათ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.

მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაუჩინარებას ან მის შესაძლო ადგილსამყოფელს უკავშირდება, მოწმდება სამართალდამცველების მიერ”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მესტიაში 4 დღის წინ დაკარგულ ბიჭს დრონებით და ვერტმფრენით ეძებენ

შეგახსენებთ, ილია ფილფანს 18 ივლისიდან ეძებენ. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი სახლიდან ველოსიპედით გავიდა, მას შემდეგ არავის უნახავს. მოზარდის ოჯახი და ახლობლები ილია ფილფანის მოძებნას საკუთარი ძალებითაც ცდილობენ.