რა მოსატანი იყო სტუდენტების აქცია, რა დაესიზმრათ, ვერ გეტყვით- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელმაც თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სტუდენტების დაგეგმილი აქციის გამო თბილისში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
“ეს კომენტარი მართლაც ბადებს კითხვებს, რა მოსატანი იყო სტუდენტების აქცია, რა დაესიზმრათ ვერ გეტყვით. ზოგადად რუსერთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციური კრიზისული მონიტორინგის ცენტრი ფუნქციობირებს 2013 წლიდან. ის ახორციელებს კრიზისული და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგს და ინფორმაციას აწვდის რუსეთის მოქალაქეებს. მსგავსი კომენტარები სხვა ქვეყნის მიმართაც კეთდება. მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა “გლობალ ფაინანსის” ბოლო მონაცემები და 2019 წლის უსაფრთხო ქვეყნებში საქართველო რეგიონში ლიდერია. 128 ქვეყნიდან საქართველო 49-ე პოზიციას იკავებს, რუსეთი 108-ს, დასკვნები შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ.”-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ამის შესახებ უწყებამ სოციალურ ქსელში დაწერა.
კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს 3 თებერვალს, თბილისში, მასობრივი შეკრების ადგილებზე გადაადგილებისგან თავშეკავებას ურჩევს.
“3 თებერვალს, თბილისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის წინ სტუდენტების საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. რეკომენდაციას ვაძლევთ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან მასობრივი შეკრების ადგილებში“, – ნათქვამია განცხადებაში.