რამდენიმე იტალიურმა გაზეთმა, მათ შორის „გაძეტა დელო სპორტმა“, „კორიერე დელო სპორტმა“ და „სტამპამ“ ერთდროულად დაწერეს, რომ „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო 3 დეკემბერს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიას გამოტოვებს.
ეს არის ერთ-ერთი მინიშნება იმისა, რომ ეს პრიზი პორტუგალიელს არ გადაეცემა. რონალდოს აქვს ჩვევა, გამოტოვოს დაჯილდოვების ცერემონიები, რომლებშიც პრიზს მას არ გადასცემენ.
რამდენიმე წყარო იმასაც მიუთითებს, რომ პრიზიორთა პირველ სამეულში არ იქნება არც რონალდო და არც „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი. ბოლო 10 წლის განმავლობაში, სწორედ ეს ორი ფეხბურთელი იგებდა „ოქროს ბურთს“.
ამასწინ იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმიერიმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ 2018 წელს, „ოქროს ბურთს“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდ და ახალგამომცხვარ მსოფლიო ჩემპიონ ანტუან გრიზმანს გადასცემენ.