LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირები დახმარების მოლოდინში – რა მოთხოვნები ვერ მოხვდა 2019 წლის ბიუჯეტში

chvenisaqarvelosadariis

სათემო მომსახურების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერა და მნიშვნელოვნად გამოხტული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პენსიის 20 ლარით გაზრდა – ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, პრემიერმინისტრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე შშმ პირების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების კოალიაციაში “კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის” შემავალმა ორგანიზაციამ „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მათი რეკომენდაციები პარლამენტს გადაუგზავნა. რეკომენდაციებს შორის იყო ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პენსიის გათანაბრება და თემზე დაფუძნებული საოჯახო ტიპის საცხოვრებლებისთვის დაფინანსების გაზრდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე ამბობს, რომ პირებმა, რომლებიც პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, შშმ პირების სათქმელი მამუკა ბახტაძესთან კარგად ვერ მიიტანეს. მარი კორკოტაძე „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, რომ მიუხედავად საჯარო მიმართვისა, სადაც პრემიერს შეხვედრას თხოვდნენ, დაგეგმილი შეხვედრის შესახებ მათ არ შეატყობინეს და არც საჯაროდ გაჟღერებულა ინფორმაცია, რომ ასეთი შეხვედრა იგეგმებოდა.

„ის შშმ პირები მიდიან პრემიერმინისტრთან სალაპარაკოდ, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებენ ბენეფიტებს, ერთს სახელმწიფომ უკვე გადასცა მიწის ნაკვეთი ცენტრის ასაშენებლად, მეორე კი სერვისპროვაიდერია და შშმ პირებს ეტლებით ამარაგებს. მათ ვერ მიიტანეს ის საკითხები პრემიერმინისტრთან, რომელსაც ჩვენ ვლობირებთ. პირებს, რომლებიც იქ წავიდოდნენ, უნდა გაევლოთ რეკომენდაციები სხვებთანაც,“ – ამბობს მარი კორკოტაძე.

შეხვედრა რომ საკმარისად ნაყოფიერი არ ყოფილა და შშმ პირების პრობლემები კვლავაც გადასაჭრელია, ამას დღეს მთავრობის ადმინისტრაციისთვის შშმ პირების მშობლების მიერ გაგზავნილი წერილიც მოწმობს. წერილში მშობლები მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და მთავრობისგან სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ.

შეხვედრას, რომელიც შშმ პირთა პრობლემების თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღის წინ შედგა, ესწრებოდა დეპუტატი რატი იონათამიშვილიც, რომელიც აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც შშმ პირებს ეხება, მათი წარმომადგენლების ჩართულობით იქნას მიღებული. თუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ დღეს ამ მიმართულებით 100 ორგანიზაციაა აქტიური და ყველა შეხვედრაზე 100-ვეს ვერ მიიწვევენ. რატი იონათამიშვილი თანამშრომლობის მაგალითად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრამდე, პარლამენტში შემდგარ მსჯელობას იხსენებს, სადაც სწორედ იმ კოალიციასთან ერთად, რომელიც პრემიერთან შეხვედრაზე არ ყოფილა, განიხილეს ბიუჯეტთან დაკავშირებით მათივე რეკომენდაციები.

პარლამენტში რომ ასეთი შეხვედრა მართლაც შედგა, ადასტურებს მარი კორკოტაძეც, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის მიღწევას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. შედეგებთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ გარკვეული საკითხები, რომლებიც მათ რეკომენდაციებშია შესული, კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა.

„შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსებაზე მივიღეთ უარი, დავსვით საკითხები ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც, კერძოდ ინდივიდუალური სპეცმასწავლებლების დანიშვნას მოვითხოვდით, ამისთვის დამატებითი თანხების მობილიზებაა საჭირო ბიუჯეტში.

ყველაზე მთავარი, მოვითხოვდით საოჯახო ტიპის სახლების დაფინანსების გაზრდას 16-დან 32 ლარამდე. თანხმობა მივიღეთ იმაზე, რომ საოჯახო ტიპის სახლების დაფინანსების საკითხს აკაკი ზოიძე დააყენებდა, კომიტეტის სხდომაზე. პენსიების გათანაბრებაზე გვქონდა აქცენტი, 20 ლარით იზრდება და ჩვენ მოვითხოვდით ყველა შშმ პირისთვის თანაბარ პენსიას, რომ ეს ყველასთვის იყოს 200 ლარი, ამაზე გვითხრა კაკიმ, რომ 20 ლარის მომატებაზეა საუბარი, გათანაბრებაზე უარი გვითხრეს.

ასევე, ადრეული განვითარების პროგრამის დაფინანსების გაზრდაზე იყო საუბარი, აუტიზმის მქონე 15 წელს ზევით ბავშვების დაფინანსება იყო კიდევ ერთი რეკომენდაცია და ამაზეც თქვეს, რომ ჯერ პროგრამა არ არსებობს და კომიტეტის სხდომაზე ამაზე ექნებოდათ საუბარი,“ – აღნიშნავს მარი კორკოტაძე.

 

რეკომენდაციები, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში აისახება

„ფორტუნა“ დაინტერესდა, იმ საკითხების გარდა, რაზეც საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია, ხომ არ განხილულა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ეს რეკომენდაციებიც. რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა იყო და მათგან დიდი ნაწილი პოზიტიურად გადაწყდება. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ დაპირებაა და ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები ჯერ არ შესულა.

  • 15 წლის ზევით აუტიზმის მქონე მოზარდებისთვის საჭირო თერაპიების დაფინანსება

რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ ეს სამართლიანი მოთხოვნაა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. დეპუტატი ამბობს, რომ რეაბილიტაციის თერაპიებზე, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტმა, არამედ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იზრუნოს.

„ჩვენი ვალდებულებაა მოთხოვნის შესაბამისი გარანტიების შექმნა, რაც უკვე აისახება 2019 წლის ბიუჯეტის ბოლო პროექტში. ფაქტობრივად გადასული ვართ სამუშაო პროცესზე. ბატონმა მამუკა ბახტაძემ შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ წარმოადგინონ ხარჯთაღირცხვა და დაფინანსების მექანიზმები. ის აქტიური მხარდამჭერია შშმ პირების,“ – აღნიშნავს რატი იონათამიშვილი.

  • თემზე დაფუძნებული საოჯახო ტიპის საცხოვრებლებისთვის დაფინანსების გაზრდა

დეპუტატი აღნიშნავს, რომ საოჯახო ტიპის საცხოვრებლების სერვისი ერთი პროგრამის ქვეპროგრამაა და მის გარდა, ეს პროგრამა მინდობით აღზრდას, სათემო მომსახურებას და დღის ცენტრების სერვისსაც მოიცავს. მისივე თქმით, ყველა ამ ქვეპროგრამის გაძლიერება და მხარდაჭერა მისთვის პრინცპული საკითხია და მასზე პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა პრემიერმინისიტრმაც დაადასტურა.

„პირდაპირ გეტყვით, რომ განსხვავებული პოზიცია არ უნდა არსებობდეს, რაც შეეხება თანხებს, ჩვენ გონივრული დრო გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ დაფინანსების მექანიზმები იყოს მოძიებული და ეს აისახოს 2019 წლის ბიუჯეტში,“ – აღნიშნავს რატი იონათამიშვილი.

  • სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისინდივიდუალური ასისტირებისთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა

რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, განათლების სამინისტროს აქვს სამოქმედო გეგმა, სადაც შესულია ინდივიდუალური ასისტენტის კომპონენტიც. რაც შეეხება ამ მხრივ შესაძლო გამოწვევებს, გამოყენებული იქნება საპარლამენტო ზედამხედვლობის მექანიზმი. რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ საკომიტეტო მოსმენას 2019 წელს მოაწყობენ, სადაც ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა დასვას მისთვის საინტერესო კითხვა.

კითხვაზე, რამდენად იქნება გათვალისწინებული შესაბამისი თანხები 2019 წლის ბიუჯეტში, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ ბიუჯეტი კორექტირებას არ საჭიროებს და პრობლემა არ შეიქმნება.

„აქ იმდენად უმნიშვნელო თანხებზეა საუბარი, რომ ამის გამოძებნა სამინისტროსთვის არ მგონია სირთულესთან იყოს დაკავშირებული, მითუმეტეს დღესაც მოქმედებს სხვადასხვა კლასში მსგავსი სერვისი,“ – აღნიშნავს რატი იონათამიშვილი.

  • ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პენსიის გათანაბრება

არასამთავრობო ორგანიზაციის ეს რეკომენდაცია არ შესრულდება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მნიშვნელოვნად გამოხტული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პენსია 20 ლარით გაიზრდება, შესაბამისად, ისინი 120 ლარს მიიღებენ. მკვეთრად გამოხატული შშმ პირები კი 200-ს. რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ პენსიის გათანაბრება სამართლიანი არ იქნება და გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ ორივე კატეგორიისთვის ის პროპორციულად გაიზარდოს.

  • გამოწვევები, რომელიც რჩება

შშმ პირების ჯანდაცვის პაკეტში, რომელიც არ ითვალისწინებს სტომატოლოგიურ მომსახურებას, პრობლემები იქმნება გეგმიურ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებითაც. რატი იონათამიშვილი ამ მიმართულებით გამოწვევებს აღიარებს და აღნიშნავს, რომ მათ გადასაჭრელად ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების განხორციელებაა აუცილებელი.

რაც შეეხება მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პენსიის გათანაბრებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ აზრს არ ემხრობა, დეპუტატი აღიარებს, რომ არცერთი კატეგორიისთვის გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის.

„საკმარისი ჩემთვის არც 120 ლარია, არც 200, არც 500, მინიმუმ 1000 ლარი უნდა იყოს, რომ იყოს საკმარისი, მაგრამ ჩვენ დამოკიდებული ვართ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე. პენსიის გაზრდა მიბმული უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე და პროპორციულად უნდა იზრდებოდეს,“ – აღნიშნავს რატი იონათამიშვილი.

კიდევ ერთი გამოწვევა შშმ პირების მშობლების დასაქმებაა, რასაც შვილზე მუდმივი მზრუნველობის საჭიროების გამო, ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ და მათი შვილებისთვის დანიშნული 120 თუ 180 ლარის პენსია მათთვის ზოგჯერ შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ამიტომ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ და სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას სთხოვენ.

მათი მოთხოვნა ასეთია:

1. ყველა ის პირი (მშობელი, მეურვე, მხარდამჭერი), რომელიც ზრუნავს სხვა მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე შშმ ბავშვზე და/ან სრულწლოვან პირზე, რომელსაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს და ასევე, საჭიროებს სხვა პირის მუდმივ დახმარებას, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ იქნას, როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფი. რაც შესაბამისი ხელშეწყობის მხარდაჭერით აისახება შშმ პირის სოციალურ პაკეტში;

2. აღნიშნული ჯგუფის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მასზე დამოკიდებული შშმ ბავშვის/პირის გამო უმუშევარნი არიან, დაენიშნოთ ფულადი დახმარება, ე.წ. “მზრუნველის დახმარება”, საარსებო მინიმუმის ოდენობით.

3. იმ შემთხვევაში თუ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მეურვე/მზრუნველი დასაქმებულია, გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი არ აღემატება 17000 ლარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები