LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 წლის ქართველი გოგონა „სან-რემო ჯუნიორზე“ მეორე ადგილის მფლობელი გახდა

328
tomashvili

სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა – ახლახან ცნობილი გახდა, რომ  საბავშვო მუსიკალური კონკურსის Sanremo Junior მეორე-2 საპრიზო ადგილის მფლობელი 11 წლის ქართველი გოგონა თაკო თომაშვილი გახდა. საქართველო გოგონამ პროდიუსერ გიგა კუხიანიძესთან ერთად წარადგინა. გიგა კუხიანიძე, შეგახსენებთ, საბავშვო „ევროვიზიაზე“ არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია. მის მიერ დაწერილი კომპოზიციებით რამდენჯერმე „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენელი პირველი ადგილის მფლობელი გახდა. კიდევ ერთი გამარჯვება კი, გიგა კუხიანიძის მონაწილეობით, „სან-რემო ჯუნიორში“ მოვიპოვეთ. თაკომ კონკურსზე ჩაკა კჰანის რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერა My Funny Valentine შეასრულა.

სანამ საერთაშორისო კონკურსზე იტალიაში გაემგზავრებოდა, პროდიუსერი გიგა კუხიანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აღნიშნავდა:

„ეს კონკურსი, დიდი ხანია, არსებობს, თუმცა ჩვენ მხოლოდ ერთხელ მივიღეთ მონაწილეობა და გრან-პრი ჩამოვიტანეთ. მას შემდეგ, მთელი ხუთი წელი იყო წყვეტა, საქართველოდან კონკურსანტი აღარ მონაწილეობდა. მეორე წელს, თავად არ მოვინდომე ამ კონკურსზე წასვლა, მერე პანდემიაც დაემთხვა. მოკლედ, ესპანეთიდან დამიკავშირდა ქალბატონი ნატალი მიქავა სტიუარტ-ფოქსი, რომელიც გახლავთ პროდიუსერი, ევროპის საბავშვო ფესტივალების საერთაშორისო ჟიურის წევრი, საერთაშორისო ბიზნესკონსულტანტი, ესპანეთის ქართული კულტურის ცენტრის EuroGeorgia-ის, საერთაშორისო ტალანტების კონკურსისა და საპროდიუსერო ცენტრის Reality Star-ისა და სხვადასხვა სახელოვნებო პროექტების ხელმძღვანელი ესპანეთში და შემომთავაზა, რომ საერთაშორისო საბავშვო მუსიკალურ კონკურსს „სან-რემო ჯუნიორზე“ კონკურსანტი წარმედგინა. ერთი სიტყვით, ქალბატონმა ნატალიმ წარგვადგინა ამ კონკურსზე, თავადაც ამ კონკურსის წარმომადგენელია. სიმართლე გითხრათ, ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან სტუდიაში გვყავს ფანტასტიკური მონაცემების მქონე ბავშვი, თაკო თომაშვილი და პრინციპში, დიდხანს არც გვიფიქრია, თუ ვინ წარადგენდა საქართველოს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები