2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას მიერ ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებზე განხორციელებულ ტერაქტიდან 20 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
„2001 წლის 11 სექტემბრის კადრებმა ჩვენს გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა, ამასთანავე მოიტანა არნახული საერთაშორისო ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ, რათა ტერორისტების საწვრთნელი ბანაკების აღმოფხვრით მსგავსი თავდასხმა აღარასდროს მომხდარიყო.
ჩვენ სამუდამოდ მადლიერნი ვართ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების, რომლებიც ავღანეთში გვერდში დაგვიდგნენ სამხედრო, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მისიებში, კონკრეტულად კი – საქართველოსი, რომელმაც 20 000-ზე მეტი სამხედრო ჩართო ოპერაციებში და განსაკუთრებული როლი ითამაშა საევაკუაციო ფრენების მხარდაჭერაში.
როგორც გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ, რათა პატივი მივაგოთ 2 977 უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის ხსოვნას, რომელიც 11 სექტემბრის თავდასხმებს შეეწირა”, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.