LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“100 ლარს, ზოგჯერ 200 ან 300-ს აძლევენ… ხალხი ემზადება ცვლილებებისთვის… არაღიარების შემთხვევაში ძალიან ცუდად დაამთავრებს ეს ხელისუფლება”

91
ცეზარი

წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლების მოსყიდვა, სხვადასხვა რეგიონში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე თავდასხმები უკვე ყოველი არჩევნების სამწუხარო რეალობაა. ამჯერად ჩვენ გადავწყვიტეთ ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელისთვის გვეკითხა, რა ხდება მის სამაჟორიტარო ოლქში. შეგახსენებთ, ის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში.

 

როგორც ვიცი, კონკრეტულად თქვენს სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი შემთხვევაა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ასე პირდაპირ აძლევენ ფულს იმის სანაცვლოდ, რომ “ოცნებას” ხმა მისცენ?

ხელისუფლებამ ისე გააღარიბა ხალხი, რომ მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. ისინი იძულებული არიან, ეს თანხა აიღონ. მე მათ მოვუწოდებ, რომ აიღონ ფული და მოსთხოვონ გაცილებით მეტი იმ 8-წლიანი დანაკარგის გამო, რაც მათ დააკარგვინეს. ეს მოსყიდვა კი არა, იმ დროის ანაზღაურებაა, რაც დააკარგვინეს, თუმცა მცირე თანხით.

რა თანხას უხდიან, თუ იცით?

არის შემთხვევები 100 ლარი, ზოგჯერ 200 ან 300 ლარი. ზოგჯერ უფრო იაფად უნდათ გამოვიდნენ და მათ მედიკამენტებს სთავაზობენ. მე არ მგონია, რომ ამან ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავოს. ხმის სანაცვლოდ ფულის ან პროდუქციის მიცემა რომ სჭირდებათ, ეს მათთვის დამამცირებელია. არ შეიძლება ადამიანს ხელისუფლებამ არ დაუტოვოს თუნდაც ერთ რამ – ხმის უფლება. ეკონომიკურად გაცილებით მეტი პრობლემა შეექმნათ ბოლო წლებში, ვიდრე მანამდე ჰქონდათ. ერთადერთი ხმა დარჩა ხალხს, რომ თავისი მომავლის შესაქმენლად გამოიყენონ და ამის უფლებასაც არ აძლევენ. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მაქსიმალურად მიიღეთ მეტი, ვინც ამას გთავაზობთ.

თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც მოქალაქეებს ფულს სთავაზობს?

არის რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი. ჩემთვის ამ თემაზე საუბარი მიუღებელიც კია. მე ეს ადამიანებიც მეცოდებიან, გგონიათ, მათ უნდათ? ისინი იძულებული არიან, საკუთარი სურვილით არ აკეთებენ ამას.

რატომ, რა აიძულებთ?

სხვადასხვა გარემოებებია, რომელიც მათ აიძულებთ, რომ ასე მოიქცნენ. გარწმუნებთ, რომ არც ერთი მათგანი, ვინც დღეს ამითაა დაკაცვებული, სურვილით არ აკეთებენ.  გვარებს არ ვასახელებ შეგნებულად. გულწრფელად მეცოდებიან. არ ვისურვებდი, როცა ჩვენ თავისუფალ ბიზნესზე ვსაუბრობთ, ამ ქვეყანაში ასეთი ფაქტები იყოს.

სადამდე მიგვიყვანს ეს ფაქტები, მანამდე იყო ძალადობის შემთხვევებიც, სადამდე მივალთ ასე?

ძალადობა ეს კიდევ ცალკე თემაა. ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ მოსახლეობას ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამით ისინი თავიანთ წარმომადგენლებსაც აზარალებენ. დღეს რაც ხდება, ასეთი რამ არ მინახავს. დღეს ხელისუფლებას უკიდურესად უჭირს, ის სასოწარკვეთილია და ყველაფერზე მიდის, რომ ხმები მიიღოს.

რაში გამოიხატება სასოწარკვეთა, მოსყიდვაში, დაშინებაში?

კი, მათ იმედი გადაწურული აქვთ. თუ ყველა საშუალებას არ გამოიყენებენ, არჩევნები წაგებული აქვთ. მოსახლეობას მოუწოდებენ რწმუნებულები, გამგებლები, პოლიციელები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომ არ წავიდნენ არჩევნებზე ან არ მისცენ ხმა ოპოზიციას. არჩევანი არის ერთი, ან ხმა უნდა მისცენ საქართველოს უკეთეს მომავალს, ან ხმა უნდა მისცენ  იმ ხალხის (გამგებელი, რწმუნებული თუ სხვა) კეთილდღეობას.

ანუ მიდის ივანიშვილი 31 ოქტომბერს თუ რჩება?

დარწუნებული ვარ, ქართველი ხალხი გონივრულ არჩევანს გააკეთებს და ხელისუფლებაში მოვლენ ახალი ძალები, რომლებიც ქვეყანას ძალიან სწრაფი ტემპით წიაყვანენ წინ წარმატებისკენ.

პოლიტოლოგების ნაწილმა თქვა, რომ ივანიშვილი ბოლო პერიოდში არ ჩანს აქტიურად, შეიძლება ის არჩევნების შედეგების აღიარებისთვის ემზადებაო. როგორ ფიქრობთ, არის ივანიშვილი ის კაცი, რომ ასე მშვიდად ზის და ემზადება არჩევნების შედეგების აღიარებისთვის?

დარწმუნებული ვარ, არჩევნების შედეგს ივანიშვილიც და მისი გუნდიც გაგებით მოეკიდება. რაც არ უნდა რეიტინგები აქვეყნონ, შიდა წრეში დარწმუნებული არიან, არჩევნებს ოპოზიცია იგებს. არაღიარების შემთხვევაში ძალიან ცუდად დაამთავრებს ეს ხელისუფლება.

ცუდად დამთავრება რას ნიშნავს?

მაინც მოუწევს ხელისუფლებას წასვლა, თუ გადახედავთ სხვა ქვეყნების მაგალითებს, მაგ. ყირგიზეთს გავიხსენებთ, მაინც მოუწიათ წასვლა.

ანუ ფიქრობთ, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს აქციები და გამოსვლები?

რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აღარ მოითმენს იმ მდგომარეობაში ყოფნას, რაც გავიარეთ 8 წლის განმავლობაში. ხალხი ბრმა არაა, ხალხი ყველაფერს ხედავს, ხედავს, რომ მათი მდგომარეობა უარესდება. ხალხი ემზადება ცვლილებებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები