LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 ათას შემთხვევაზე 1 ან 2 გართულება შეიძლება დადგეს, არანაირ სამედიცინო გადაცდომასთან ადგილი არ უნდა გვქონდეს: სერგო ჩიხლაძე

87
სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, გარდა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინისა, ანაფილაქსია სხვა, ნებისმიერი მედიკამენტის მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია სამედიცინო მუშაკები კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში, კარგად გაეცნონ შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკს. ამასთან ჩიხლაძის აზრით, აუცილებელია საინფორმაციო კამპანია, რათა მოქალაქეებს მოსალოდნელ საფრთხეზე შესაბამისი ინფორმაცია ჰქონდეთ.

ამ საკითხებზე, სერგო ჩიხლაძემ დღეს, პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 100 ათას შემთხვევაზე, მსგავსი გვერდითი მოვლენა – ანაფილაქსია 1 ან 2 ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს.

“რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიას – ამაზე თვეებია ვსაუბრობთ, რომ ყველა ადამიანმა სავარაუდო რისკები და გართულებები უნდა იცოდეს. ინფორმაცია ვაქცინაზე, იმაზე, რომ შეიძლება მას გართულება ჰქონდეს – იშვიათად, 100 ათას შემთხვევაზე, ერთი ორი.

ისევე, როგორც ანტიბიოტიკებს, გამაყუჩებელს და სხვა ნებისმიერ სამკურნალო წამალს შეიძლება გართულება ჰქონდეს, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცას ანაფილაქსია განუვითარდა, ანტიბიოტიკებს მოხმარებიდან არ ვიღებთ. იმის გამო, რომ ვიღაცას ლიდოკაინზე ანაფილაქსია განუვითარდა, ექიმთან და სტომატოლოგთან ვიზიტს არ ვწყვეტთ,” – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

მისი თქმით, იმის გამო, რომ 100 ათას შემხვევაზე 1 ან 2 გართულება შეიძლება დადგეს, არა მხოლოდ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაზე, არამედ ნებისმიერ სხვა აპრობირებულ მედიკამენტზე, ამისთვის ვაქცინაზე უარს არ უნდა ვთქვათ. ჩიხლაძის განცხადებით, ასეთი საინფორმაციო კამპანია იყო, არის და საჭიროა აუცილებლად გავაგრძელოთ.

რაც შეეხება კითხვას, იმის შესახებ – შესაძლოა თუ 27  წლის ექთნის შემთხვევაში, ადგილი სამედიცინო შეცდომასთან გვქონოდა, იგი ასე პასუხობს.

“არანაირ გადაცდომასთან, ბრალეულობასთან ან სამედიცინო შეცდომასთან ადგილი არ უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, ეს – ანაფილაქსია შეიძლება ვაქცინასთან იყოს დაკავშირებული, ისევე როგორც, კიდევ ერთხელ ვამბობ – ნებისმიერ სამკურნალო საშუალებასთან განვითარდეს. აქ არავის დანაშაული და ბრალეულობა არ იკვეთება, რადგან მსგავსი ტრაგიკული შემთხვევისგან, 100%-ით დაზღვეული არავინაა,” – დასძინა მან.

ჩიხლაძის თქმით, ვაქცინაციის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო, ხოლო დასმულ შეკითხვაზე, როგორ შეიძლება მსგავსი შედეგების თავიდან აცილება, ჩიხლაძემ უპასუხა, რომ საამისოდ, საჭიროა სამედიცინო მუშაკები წინასწარ, კარგად გაეცნონ კონკრეტული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შესაძლო, მოსალოდნელი რისკების მაჩვენებელს, რისთვისაც საჭიროა ანამნეზის დეტალურად გამოკვლევა.

“ეს გადაწყვეტილება იყო სწორი – რომ ვაქცინაცია არ შეჩერდა. ასეთი შემთხვევებისგან თავის დაზღვევის მექანიზმი არის კარგად გამოკითხული ანამნეზი, რომ პაციენტს როდესმე რაიმე ისეთი რეაქცია ან უკუჩვენება ხომ არ ჰქონდა, რომ ამის გამო სამედიცინო პერსონალმა ეჭვი მიიტანოს.

როგორც წესი, კარგად შეგროვებული ანამნეზის 80-85% შემთხვევაში ვლინდება, რომ იქ რაღაც ალერგიული ფონი შეიძლება იყოს, ამიტომ  ამ პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს – რომ უბრალოდ კი არ ავცრათ, არამედ, მანამდე, ეს გამოკითხვის ფორმა, მთლიანად უნდა იყოს შევსებული,“- განაცხადა ჩიხლაძემ.

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა