LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 000 მოქალაქეს მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდა

122

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიწა საკუთრებაში დაირეგისტრირა.

რეფორმის დაწყებიდან დღემდე საჯარო რეესტრს ამ მოთხოვნით 170 ათასამდე მოქალაქემ მიმართა. აქედან 100 000 რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა.

ამჟამად საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში 15 ათასამდე განცხადებაა გაგზავნილი, 8 ათასამდე მოქალაქის განცხადება შესწავლისა და განხილვის პროცესშია, 44 000-მდე განცხადებაზე კი საჯარო რეესტრი, მოქალაქის ნაცვალად უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში იძიებს.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. რეფორმის დაწყება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდე იყო რეგისტრირებული. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, რეფორმის ფარგლებში კი მხოლოდ 8 თვის განმავლობაში მიწის რეგისტრაცია 10 % -ით გაიზარდა, რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის იმავე პერიოდს.

რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრს დღეში, საშუალოდ, 2200-მდე განცხადება შემოდის. მოქალაქეთა გაზრდილი მომართვიანობა საჯარო რეესტრის თანამშრომლების განსაკუთრებულ მობილიზებას ითხოვს. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემთხვევაში თითოეულ განცხადებაზე რეგისტრატორი მოქალაქეს ტელეფონით უკავშირდება და მის თაობაზე დამატებით განმარტებებს პირადად აწვდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები