“აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლის წინ იყო ძალიან დიდი იდეა, გაბედული იდეა, მე ვიტყოდი, 10 წლის შემდეგ კიდევ გვჭირდება დიდი იდეები, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ტრანსფორმაციის კარგი მაგალითია და მზადაა უფრო წინ წავიდეს.
“საქართველოს წარმატება თქვენი წარმატებაა. ევროპული არჩევანი ჩვენი ცივილიზაციური მისწრაფებაა. ამისთვის, ჩვენ მაღალი ფასი გადავიხადეთ, მათ შორის, ეკონომიკური ფასი, პოლიტიკური ფასი. მოგეხსენებათ, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენს არჩევანზე. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ. საქართველო მზადაა, კიდევ უფრო წინ გადადგას ნაბიჯები,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.