მრავალრიცხოვანი ბლოქბასტერების ფონზე ხშირად შეუმჩნეველი რჩება ფილმები, რომლებიც სინამდვილეში მეტ ყურადღებას იმსახურებენ, თუმცა რთული სიუჟეტის ან გამომსახველობითი სტილის წყალობით ნაკლებად სწყალობთ გართობის მოყვარული მაყურებელი.
,,ფორტუნა” გთავაზობთ 10 ნაკლებად ცნობილ კინოშედევრს:
„ბაბილონი“ (Babel, 2006) – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს დრამა ბრედ პიტის და ქეით ბლანშეტის მონაწილეობით, „ოსკარის“ ექვსგზის ნომინანტი გახდა, პრემია კი, საუკეთესო მუსიკის კატეგორიაში დაიმსახურა გუსტავო სანტაოპალიას არაჩვეულებრივი საუნდთრეკით. ფილმში, სლოგანით „თუ გინდა გაგიგონ – ისწავლე მოსმენა!“ სამი სიუჟეტური ხაზი ვითარდება მრვალარიცხოვანი პერსონაჟებით. რეჟისორმა ერთ დიდ ბაბილონად აქცია თანამედროვე სამყარო, სადაც ყველას აქვს სათქმელი, თუმცა არ უნდა სხვისი მოსმენა, რაც საბოლოოდ გაუცხოებას იწვევს და ხშირად ტრაგედიით სრულდება. სხვათა შორის, ბრედ პიტმა სწორედ გონსალეს ინიარიტუსთან თანამშრომლობის სურვილით თქვა უარი მარტინ სკორსეზეს „განდგომილებში“ მონაწილეობაზე.
„ზღვა შიგნით“ (Mar adentro, 2004) – ალეხანდრო ამენაბარის დრამას გალისიელი რამონ სამპედროს რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, რომელიც კისრის ქვევით პარალიზებული მთელი 30 წელი იბრძოდა ევთანეზიის უფლების მოსაპოვებლად. მთავარი როლი ფილმში ხავიერ ბარდემმა შეასრულა, რომლის ნამუშევარი „ოქროს გლობუსით“ და სხვა პრესტიჟული პრემიებით აღინიშნა.
„მეფე-მებადური“ – The Fisher King რიჩარდ ლაგრანავეზეს სცენრით გადაღებულ ტრაგიკომედიაში ტერი გილიამმა ნამდვილი ვარსკვლავები რობინ უილიამსი, ჯეფრი ბრიჯესი, მერსედეს რუელი და ამანდა პლამერი მიიწვია, ვიეტნამის ომის ვეტერანის განსახიერება კი, მუსიკოსს ტომ უეიტსს შესთავაზა. არაჩვეულებრივად შეასრულა მაწანწალა შეშლილის როლი უილიამსმა, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა და საოცრად ნაღვლიანიც, ჯეფ ბრიჯესმა კი, ცინიკოსი DJ-ს სახე შექმნა, რომელსაც ზედმეტი ამბიციები და თავმომწონეობა კარიერას და ყველაფრით უზრუნველყოფილი ცხოვრებას აკარგვინებს.
„ლოკი“ (Locke) – სტივენ ნაიტის დრამა, მართლაც უნიკალური ნამუშევარია, რადგან ერთ ავტომობილში მოქცეულ ფილმს მხოლოდ ერთი მსახიობის მონაწილეობით, არც დრამატიზმი აკლია, არც დინამიურობა. ფილმი 85 წუთი, ანუ ზუსტად იმდენ ხანს გრძელდება, რამდენიც მთავარ პერსონაჟს ნიუკასლიდან ლონდონში ჩასასვლელად ჭირდება და სწორედ ამ მოკლე დროში ახერხებს საკუთარი ცხოვრების ჯერ დანგრევას, მერე დაკარგულის დაბრუნებას და ყველაფრის აღდგენას. საკმაოდ რთულ როლს არაჩვეულებრივად გაართვა თავი ტომ ჰარდიმ, რომელმაც ჩაკეტილ სივრცეში, სხვა პერსომნაჟების გარეშე, დამოუკიდებლად გადმოსცა მთელი ისტორია.
ბიუტიფული Biutiful – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს დრამა ახალგაზრდა კაცის ისტორიაა, რომელიც სიმსივნის დიაგნოზის შეტყობის შემდეგ იხსენებს წარსულს და ცდილობს საქმეების მოწესრიგებას. რეჟისორმა თავად დაწერა სცენარი, მთავარი პერსონაჟი კი, სწორედ ბარდემზე მორგებით შექმნა, რამაც გაამართლა კიდეც, რადგან კანის კინოფესტივალის პრემიასთან ერთად, ბარდემმა „ოსკარის“ და BAFTA-ს ნომინაციებიც დაიმსახურა მამაკაცის მთავარი როლის კატეგორიაში.
„იდეალური უცნობები“ (Perfetti sconosciuti) – პაოლო ჯენოვეზეს ტრაგიკომედია ჩაკეტილ სივრცეში მოქცეული კიდევ ერთი ფილმია, თუმცა ამჯერად რჟისორი მეგობრების კომპანიის შესახებ მოუთხრობს მაყურებელს, რომლებიც ვახშამზე იკრიბებიან და ერთი შეხედვით უწყინარ თამაშით – შეტყობინებების ხმამაღლა კითხვით არა მხოლოდ ერთმანეთის, საკუთარ საიდუმლოებებსაც ამხელენ უნებლიეთ.
„ჩემი მეფე“ (Mon roi) – მაივენ ლე ბესკოს დრამა ვენსან კასელისა და ემანუელ ბერკოს მონაწილეობით, კლასიკური ფრანგული ფსიქოლოგიური დრამაა ქალზე, რომელიც ყოფილი საყვარლის გავლენისგან ცდილობს განთავისუფლებას და მართალია, ტრავმირებულ მუხლს მკურნალობს სარეაბილიტაციო ცენტრში, მაგრამ ფიზიკური გაჯანსაღება სინამდვილეში მხოლოდ შიშის, სულიერი ტკივილის დაძლევით მიიღწევა.
„დიდი ლებოვსკი“ (The Big Lebowski) – ძმები კოენების საკულტო კომედიაში მთავარი როლი ჯეფ ბრიჯესმა შეასრულა, რომელმაც ბრწყინვალედ შექმნა უსაქმური ავანტურისტის სახე. ორიგინალური სიუჟეტის და არაჩვეულებრივი იუმორის წყალობით ფილმმა სწრაფად შეიძინა თაყვანისმცემლები, ციტატებად დაიშალა და ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობის ერთგვარ მანიფესტად იქცა.
„დაფარული“ (Caché) – მიხეილ ჰანეკეს კინოიგავის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფიპრესის პრიზი დაიმსახურა, მოგვიანებით კი, ბრიტანული Times-ის შეფასებით 21-ე საუკუნის კინოს შედევრად იქცა. მთავარი როლები ფილმში ჯულიეტ ბინოშმა და დენიელ ოტეიმ შეასრულეს, რომლის პერსონაჟს მოულოდნელად ახსენებს თავს წარსული და ძველი ცოდვების მონანიებას აიძულებს.
„ფარვანა“ (Papillon) – ფრანკლინ შეფნერის კრიმინალურ დრამას ყოფილი პატიმრის ანრი შარიერის ავტობიოგრაფიული რომანი დაედო საფუძვლად, მთავარი როლები კი, სტივ მაკკუინმა და დასტინ ჰოფმანმა შეარულეს. ფრანგულ გვინეაში სისასტიკით ცნობილი ციხის პატიმრების ისტორიამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და 1970-იანი წლების საკულტო ფილმად იქცა, რაც პირველ რიგში საინტერესო სიუჟეტმა, ჰოფმანისა და მაკკუინის დუეტის არაჩვეულებრივმა თამაშმა განაპირობა.