ვალენტინობამდე ცოტა ხნით ადრე, ჩვენ შევარჩიეთ 10 რომანტიკული კინოფილმი, რომელებსაც საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა უყუროთ.
ქარწაღებულნი
ერთ-ერთი პირველი ფერადი ფილმი, რომელმაც 8 „ოსკარი“ მიიღო და ამ რეკორდის მოხსნა მომდევნო 20 წლის შემდეგაც ვერავინ შეძლო. დღემდე „ქარწაღებულნი“ ამერიკული კინოს ინდუსტრიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმია. კლარკ გეიბლისა და ვივიენ ლის ფანტასტიკური თამაში შეგიძლიათ ვალენტინობის დღესასწაულზე კიდევ ერთხელ ნახოთ.
საუზმე ტიფანისთან
ფილმის სიუჟეტი განსხვავდება ტრუმან კაპოტეს ამავე სახელწოდების რომანისგან. ფილმში მთავარი გმირი ჰოლი გოლაიტლი აფრიკაში მიემგზავრება, ხოლო მის მიერ მიტოვებული მწერალი მარტო რჩება და რომანის წერას იწყებს. ამ ფილმის წარმატება დიდი ხანია გასცდა კინემატოგრაფიის ფარგლებს. ბრენდი Tiffany & Co დღემდე ყველაზე პოპულარულ საიუვილერო ბრენდად რჩება, ხოლო სიმღერა Moon River ყველაზე რომანტიულ ჰიტად. ოდრი ჰეფბერნის მონაწილეობით გადაღებული ეს არაჩვეულებრივი ფილმი საოცრად მოუხდება ვალენტინობას.
ლამაზმანი
ფილმმა უდიდესი გარდატეხა მოახდინა რომანტიკული ჟანრის ფილმების ისტორიაში. გარი მარშალის კინოჰიტი, ჯულია რობერთსისა და რიჩარდ გირის მონაწილეობით, დღემდე ყველას საყვარელი კინომელოდრამაა. საინტერესოა, რომ ჯულია რობერთსამდე ამ როლზე მეგ რაიანის, კიმ ბესინგერის, კეტლინ ტერნერისა და შერონ სთოუნის კანდიდატურები განიხილებოდა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – ყელსაბამი, რომელიც რობერთსის გმირს ოპერაში უკეთია, 250 ათასი დოლარი ღირს. ამ ფაქტის გამო გადაღებების დროს მოედანზე დაცვის მთელი ამალა იმყოფებოდა.
მოჩვენება
90-იან წლებში პოპულარობის პიკზე მყოფმა ბრიუს უილისმა უარი თქვა ამ ფილმში მონაწილეობაზე. სამაგიეროდ სწორედ ამ ფილმით გაითქვა სახელი პატრიკ სუეიზიმ. საინტერესოა, რომ ფილმის დრამატული ხასიათის გამო, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის კინოთეატრში ჩვენებიდან გამოსულ მაყურებელს ცხვირსახოცებს ურიგებდნენ. ამ ფილმმა დემი მურს საქვეყნო აღიარება, ვუპი გოლდბერგს კი, „ოსკარი“ მოუტანა.
რომაული არდადეგები
თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ ფილმში მთავარი როლი ელიზაბეტ ტეილორს უნდა შეესრულებინა. ამ შემთხვევაში ოდრი ჰეფბერნი ვერასოდეს მიიღებდა „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსს“ და ვერ შექმნიდა ყველაზე სახასიათო როლს საკუთარ კინოკარიერაში.
მთვარით მოჯადოებულები
ფილმი 37 წლის იტალიელი გოგონას სიყვარულზე, რომელმაც შერის „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“ და „ბაფტა” მოუტანა. ამ არაჩვეულებრივ ისტორიას, ნიქოლას ქეიჯის მონაწილეობით, ვალენტინობაზე შეყვარებულთან ერთად უნდა უყუროთ.
უძინარნი სიეტლში
ეს ფილმი 2 ადამიანის სიყვარულზე უცნაურია იმით, რომ ტომ ჰენქსის და მეგ რაიანს ერთად გადასაღებ მოედანზე მხოლოდ 2 წუთით იხილავთ. მთავარი გმირის დის როლს ტომ ჰენქსის მეუღლე ასრულებს. თავდაპირველად მეგ რაიანის ნაცვლად მთავარ როლზე ჯულია რობერთსისა და კიმ ბენისგერის კანდიდატურა განიხილებოდა.
ამელი
თავდაპირველად ფილმის რეჟისორი, ჟან-პიერ ჟენე მთავარ როლზე ემილი უოთსონის კანდიდატურას განიხილავდა. სწორედ ამის გამო შეურჩია რეჟისორმა მთავარ გმირს სახელი, ამელი. აღმოჩნდა, რომ უოთსონი ცუდად ლაპარაკობდა ფრანგულად და ამ პერიოდში სხვა პროექტით იყო დაკავებული. ოდრი ტატუ რეჟისორმა შემთხვევით შენიშნა ბანერზე და მთავარ როლზეც მალევე დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალმა Empire სურათი მსოფლიოს 100 საუკეთესო ფილმს შორის მეორე ადგილზე გაიყვანა.
რეალური სიყვარული
რეჟისორ რიჩარდ კერტის წლების მანძილზე უნდოდა რამდენიმე ფილმის გადაღება სიყვარულის თემაზე. „რეალურ სიყვარულში“ მან ყველა სიუჟეტი ერთ ფილმად აქცია და ულამაზეს ისტორიად შეკრა. ფილმის მასიური სცენები აეროპორტში ისე გადაიღეს, რომ ხალხი გაფრთხილებულიც კი არ იყო. ამიტომ ეს სცენები მაქსიმალურად რეალისტური გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს კირა ნაიტლი, ჰიუ გრანტი, კოლინ ფერტი, ლაიამ ნისონი და ემა ტომსონი ასრულებენ.
გამოსასყიდი
ესა არის ჯო რაიტის მიერ შექმნილი კინომელოდრამა კირა ნაიტლისა და ჯეიმს მაქევოის მონაწილეობით. ფილმს ორი „ოქროს გლობუსი“ აქვს მიღებული, “ბაფტას” დაჯილდოვებაზე კი „გამოსასყიდი“ წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა. მწვანე კაბა, რომელიც ფილმში კირა ნაიტლის აცვია, ჟაკლინ დიურანმა შექმნა და ის კინოს ისტორიაში ყველაზე ეფექტურ კოსტიუმად დასახელდა.