LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 სექტემბრიდან განახლებული 5 ლარით ისარგებლებთ (ფოტო, ვიდეო)

135

ლარის განახლების პროცესი გრძელდება- 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი შეემატა, რომელიც მიმოქცევაში რამდენიმე დღეში, პირველი სექტემბრიდან გაეშვება. განახლებული 5 ლარი მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.

ბანკნოტის უკანა მხარეს/რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები – “მეთევზე წითელ პერანგში” და “კალო”. ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.

5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია 2016 წლის 1 ნოემბრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები