პირველი მარტიდან შესაძლოა სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე, შესაძლოა ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმპორტიორი კომპანიების ზარალმა ასეულობით ათას ლარს გადააჭარბოს.
,,GDBA – საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მოუწოდებს ყველა ადგილობრივ და იმპორტიორ კომპანიას, ასოციაციას მიაწოდონ ინფორმაცია ყველა იმ პრობლემური საკითხის შესახებ, რომელიც წარმოექმნებათ ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას.
,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს, ახალ მოთხოვნებს და ინფორმაციის წარდგენის პროცედურებს, ძალაში შედის 2019 წლის 1–ლი მარტიდან.
GDBA- საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 22 იანვარს ჩატარდა საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთან, სადაც კომპანიებს საშუალება მიეცათ უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია ეტიკეტირებასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე. შეხვედრამ ცხადყო, რომ სააგენტოს მიდგომა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა მოლოდინი რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით განსხვავებულია და არსებობის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას და შეჯერებას, რათა თავიდან იქნას აცილებული საჯარიმო სანქციები.
ადგილობრივმა მწარმოებელებმა და იმპორტიორმა კომპანიებმა რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, უზრუნველყვეს ტიპოგრაფიული საბეჭდი ფორმების ე.წ კლიშეების შეკვეთა, რომლის თითოეულის ღირებულება ინდივიდუალურად, თითოეულ პროდუქტის სახეობაზე მერყეობს 1500 – 2000 აშშ დოლარამდე. ახალი რეგულაციის პირობებში, საბეჭდი ფორმები საჭიროებს შეცვლას, რაც კომპანიათა დიდი ნაწილისთვის წარმოადგენს ასეულობით ათასი ლარის ღირებულების დამატებით ხარჯს.
კომპანიებმა შეუკვეთეს და დაბეჭდეს ასეულობით ათასი თერმული ეტიკეტი, რომელიც, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად დაბეჭდვამდე განვლილი კონსულტაციებისა, არის გამოუსადეგარი. ამ პროცესს ასევე ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელდა ცვლილება N519 დადგენილების საფუძველზე, შესაბამისად გამოუსადეგარი აღმოჩნდა ასეულობით ათასი ლარის ღირებულების კლიშეები და უკვე დაბეჭდილი ეტიკეტები.
პრობლემური საკითხები წარმოიშვა ასევე ,,ასაწონი“ პროდუქციის მიმართ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება. არ არსებობს სახელმძღაველო ინსტრუქცია ინსპექტორისათვის, გარდა ტექნიკური რეგლამენტისა, და ინსპექტორის მიერ ადმინისტარციული სახდელის/ჯარიმის გამოწერა მოხდება პირადი შეხედულებით/აღქმით/შეფასებით.
სავალდებულო დასატანი ინფორმაციის მიმართ არსებობს მთელი რიგი კითხვები, რომლებიც საჭიროებს სააგენტოს მხრიდან ოფიციალურ განმარტებებს, რათა კომპანიებმა მიიღონ პასუხები და თავიდან იქნას აცილებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის გათვალისიწნებული მოსალოდნელი ჯარიმები.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია წერილობით მიმართვას საქართველოს პრემიერ მინისტრს, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ბიზნეს სექტორს მიეცეს დამატებითი დრო და შესაბამისი განმარტებები ტექნიკური რეგლამენტით გათვალისიწნებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ ფეიბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.