2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 2021 წლის ემისიის 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების გაშვებას იწყებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ბანკი ნაღდ ფულზე ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნას მუდმივ რეჟიმში აკმაყოფილებს და, ამავე დროს, მიმოქცევის არხებიდან მოძველებული ბანკნოტების ამოღებასა და მათ განახლებას უზრუნველყოფს.
ნაღდ ფულზე მოთხოვნის შეუფერხებელი დაკმაყოფილების მიზნით, 2021 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულის მარაგი 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტებით შეივსო.
აღნიშნული ბანკნოტები, მათი წინამორბედი ბანკნოტების იდენტური დიზაინისაა და დამცავი ნიშნების მიხედვით და გამოშვების წლით “2021”, საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერით დამზადდა. ამასთან, ნომინალების ერთმანეთში არევის რისკის შემცირების თვალსაზრისით, 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარიან ბანკნოტებზე, ძირითადი ფერების შეუცვლელად, მათი ფონური ბადეების ტონალობები უმნიშვნელოდ შეიცვალა.
2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად მიმოიქცევა.