თბილისში ლურჯი მიკროავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სისტემის ნაწილი ხდება, შედეგად მგზავრობის ტარიფი 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება, – აღნიშნულ საკითხზე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, მგზავრს შეეძლება ერთი გადახდით(50 თეთრი) საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით და ახლა უკვე ლურჯი მიკროავტობუსით. აღნიშნული ცვლილება ძალაში პირველი აპრილიდან შედის.
„ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ჩვენ მოსახლეობას მგზავრობას დავუსუბსიდირებთ. ზუსტად იმიტომ, რომ რეფომის ფარგლებში, მოხდეს მოსახლეობის წახალისება და შესაძლებელი იყოს გადასხდნენ კერძოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მერია რა თქმა უნდა, ამაში თანხას დახარჯავს. ეს ბიუჯეტის გადანაწილების ნაწილია, კონკრეტულად რომელიმე პროექტს ეს თანხა არ დააკლდება”, – განაცხადა წილოსანმა „საქმიანი დილის“ ეთერში.