1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის ზოოპარკი მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი ღონისძიებებით აღნიშნავს. პროგრამა 12:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება და შემდეგ აქტივობებს მოიცავს: ტურნირი თოკების პარკში Activity, მხიარული სტარტები, სამაგიდო და გუნდური თამაშები, შეჯიბრები, კონკურსები, თემატური და ხელნაკეთობების სადგურები, ხატვა, ძერწვა, საცირკო წარმოდგენა, ილუზიონისტის შოუ, ანიმაციური ფილმების ჩვენება, თოჯინების თეატრი, ჩრდილების თეატრის სპექტაკლი, სახალისო სტენდები ფოტოგადაღებისთვის. ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, მოეწყობა საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა „ცხოველები და ადამიანი“. დღის განმავლობაში სტუმრებს გაახალისებენ გიგანტური ხილის მასკოტები (ვაშლი, ბანანი, ყურძენი, მარწყვი) და ბუშტების ფიგურების დამზადების ჯადოქრები.
13:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება საქართველო-ფილიპინების მეგობრობის მინიპარკი „მაბუჰაი“. პარკის გახსნისა და ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. „მაბუჰაი“ საბავშვო მინიპარკია ღია ცის ქვეშ, სადაც პატარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან დამზადებული გასართობი ზონაა მოწყობილი სახლებით, კოშკურებით, სასრიალოებით, ქვიშის მოედნით, საძრომიალოებითა და მოტორიკის განმავითარებელი კონსტრუქციებით. მინიპარკით სარგებლობას ზოოპარკის დამთვალიერებლები უფასოდ შეძლებენ.
„ზოოპარკის ყველაზე დიდი მეგობრები ბავშვები არიან, ამიტომ 1 ივნისისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. სპორტული და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებების გარდა, ჩვენს პატარა სტუმრებს სხვა სიურპრიზებსაც დავახვედრებთ: გაიხსნება ბუნებრივი მასალისგან დამზადებული საბავშვო მინიპარკი; განახლებაა ჩვენს კოლექციაშიც _ ბავშვებს რამდენიმე დღის წინ ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად მიღებული ახალი ცხოველების მონახულების შესაძლებლობა ექნებათ. ასე რომ, ყველას ვეპატიჟებით თბილისის ზოოპარკში. ერთად აღვნიშნოთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.