LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ

151
Untitled design

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა.

საქართველოში ბავშვების 35% სკოლაში არასდროს იკვებება – UNICEF-ის ახალი კვლევის შედეგები 

„ამ მიმართულებით გასულ წლებში ცვლილებები განხორციელდა, რაც ბავშვების, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად დადებითად აისახა;

2022 წელს 50 ლარით გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება და 150 ლარი შეადგინა.

2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონამდე ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი იღებს;

2022 წელს, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემი გაიზარდა და გახდა 275 ლარი; 2023 წლიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური პაკეტი გაიზარდა 65 ლარით და განისაზღვრა 340 ლარით;

მთავრობის გადაწყვეტილებით დაინერგა სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპი და ჩამოყალიბდა სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმიც, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება;

კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოება ადრინდელზე უკვეთ არის ინფორმირებული ბავშვთა უფლებების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელისუფლების მკაცრი რეაგირება ბავშვისა და ქალის მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე.

გამოწვევები რჩება, რომელთა დასაძლევად ხელისუფლება აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.