2017 წლის პირველი ივლისიდან საგზაო მოძრაობის შესახებ, საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდება. ცვლილებები მართვის მოწმობისთვის 100 ქულის მინიჭებას გულისხმობს.
1 ივლისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ფულად ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულის შემცირებასაც გამოიწვევს.
ქულების ამოწურვის შემდეგ, მართვის უფლება 1 წლის ვადით შეგეზღუდებათ, მის აღდგენას კი გამოცდის ხელმეორედ ჩაბარების შემდეგ შეძლებთ.
წესების დარღვევა და ქულები:
- მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა – 5 ქულა.
- მოძრაობისას მობილური ტელეფონით სარგებლობა – 15 ქულა.
- ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა – 20 ქულა.
- მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-ისა – 10 ქულა.
- 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – 20 ქულა.
- შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა – 30 ქულა.
- ავტომობილის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ავტომატურად გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით.
გასათვალისწინებელია, რომ ფოტო ან ვიდეო ფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე, ასევე ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე, ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.
დეტალური ინფორმაცია ცვლილებებზე და თქვენს მართვის მოწმობაზე არსებული ქულების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ვებ–გვერდზე: www.police.ge