დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა იმედა დარსალიამ ე.წ. შავ სიაზე ისაუბრა და ის რესპონდენტები დაასახელა, რომლების ჩაწერაც, დარსალიას თქმით, პირველმა არხმა აუკრძალა.
დარსალიას თქმით, სიის ნაწილი ასე გამოიყურება:
- რონდელის ფონდის ექსპერტების უმეტესობა;
- ზურა ბატიაშვილი;
- ბუკა პეტრიაშილი;
- თინა ხიდაშელი;
- ლაშა ბაქრაძე;
- ეკა აკობია;
- ბათუ ქუთელია.
როგორც დარსალიამ აღნიშნა, სია ეხებოდა კონკრეტულ თემებსაც, რაზეც საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა შენიშვნა რამდენჯერმე მიიღო.
“დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში. დაიბლოკა ბელარუსში აქციები, არხის მენეჯმენტს არ უნდოდა ლუკაშენკოს რეჟიმისადმი კრიტიკული ყოფილიყო, რაც არის კატასტროფა. ასევე, ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან – ‘როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, არ უნდა დავწეროთ რუსეთზე, რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია”, – თქვა დარსალიამ.
დღესვე, იმედა დარსალიასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ორმა ჟურნალისტმა – სოფო ზედელაშვილმა და თამთა ჯანაძემ განაცხადეს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შესაძლო დისკრიმინაციის დადგენის განაცხადით მიმართავენ.
“ჩვენ სახალხო დამცველს მტკიცებულებებს წარვუდგენთ და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკმარისია იმისთვის, რათა დადასტურდეს დისკრიმინაციული მიდგომა და ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა. ჩვენ მათ უფლებებს დავიცავთ გადაცემის რეორგანიზაციასთან დაკავშირებითაც, რომელიც არხმა გასული წლის დეკემბერში დაიწყო და გადაცემა ამ დრომდე ეთერში ისევ არ გასულა”, – განაცხადა იურისტმა, თეონა ზაქარაშვილმა.
დღესვე, საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელმა, მამუკა ანდღულაძემ:
“საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ახალი კვირის სარედაქციო გუნდის წევრები საუბრობენ ცენზურაზე, შავ სიაზე, რომ კონკრეტული პირების შეხედულებები, მოსაზრებები და ინტერვიუები არ მოხვდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ამ ჟურნალისტებს არ ეძლევათ თავიანთი მოვალეობების სათანადოდ შესრულების უფლება და სწორედ იმიტომ, რომ მათ სურთ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელება, ამის გამო იყო ცენზურის არაერთი შემთხვევა. ჩვენ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მათ ვუწევთ სამართლებრივ დახმარებას, რომ მივმართოთ სახალხო დამცველს შესაძლო დისკრიმინაციისა და შრომით საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მამუკა ანდღულაძემ.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ახალი კვირის წამყვანმა, იმედა დარსალიამ 17 თებერვალს განაცხადა, რომ გადაცემა გააჩერეს და ეთერიდან მოხსნეს, მიზეზად კი ტელეკომპანიაში დაგეგმილი რეორგანიზაცია სახელდებოდა.
„ფორტუნა“ გიორგი გვიმრაძეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს დაუკავშირდა:
დღევანდელი განცხადების კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ აბსურდზე კომენტარის გაკეთება მისი ძლიერი მხარე არაა.
„არხზე შავის სიების არსებობა, რომელზეც დარსალია საუბრობს, აბსოლუტური აბსურდია.
ამის დასტურია ჩვენი ეთერი, მათ შორის იგივე გადაცემა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, შეგიძლიათ ნახოთ და იმ ადამიანებს უხვად გადააწყდებით, რომლებზეც ისინი საუბრობენ“. – ამბობს გვიმრაძე ჩვენთან საუბარში.
გვიმრაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია გადაცემის გუნდის განცხადებების მოტივი და დასძენს, რომ მისივე ინფორმაციით, დღეს გაკეთებული განცხადების ავტორები, ამ დროისთვის, პირველი არხის თანამშრომლები არიან, იმავე თანამდებობებზე არიან, რომლებიც აქამდე ეკავათ და იღებენ ხელფასს.