2020 წლის 1 აპრილიდან ავტომფლობელებისთვის 2 ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ერთის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 10 წელზე მეტი ხნის საბურავები ექნება, ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. მეორე შეზღუდვა კი საჭის გადატანას ეხება -მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები საჭის გადატანას ვეღარ შეძლებენ.
აღნიშნულ სიახლეებსა და შეზღუდვებზე საქართველოს პირველ არხს სახმელეთო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი შალვა ურიადმყოფელი ესაუბრა.
„საბურავებს აქვს თავისი ვადა, შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბურავები ინსპექტირებაზე უნდა იყოს 10 წელზე ნაკლების. 10 წელზე მეტი ხნის მქონე საბურავები ასევე დაექვემდებარება დახარვეზებას. შესაბამისად, ის ავტომობილები, რომელთა საბურავებსაც ხანდაზმულობის ვადა გასული ექნება, ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან“, – აღნიშნა ურიადმყოფელმა.
რაც შეეხება საჭის გადატანის საკითხს, ის ამბობს, რომ აკრძალვა გავრცელდება იმ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან პირველად დარეგისტრირდებიან.
„საჭის გადატანის საკითხი ეხება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც პირველად დარეგისტრირდებიან პირველი აპრილიდან, ანუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც იმპორტირებული იქნებიან მარჯვენა საჭით, უნდა შენარჩუნდეს საჭის მდებარეობა. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან მარჯვენა საჭით, მომდევნო ინსპექტირებაზეც უნდა გამოცხადდნენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით“, – აღნიშნა ურიადმყოფელმა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებული საჭეგადატანილი ავტომობილები პერიოდულ ტექინსპექტირებას უპრობლემოდ გაივლიან.