LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გამართა

116
ლევან

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თანი ბინ აჰმედ ალ ზიოუდის და ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს  სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუის შეხვდა. ლევან დავითაშვილმა საამიროების უმაღლესი თანამდებობის პირებთან ორი ქვეყნის ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს ეკონომიკური კავშირები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მზარდია და აქტიურად ვითარდება. გასული წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 39%-ით არის გაზრდილი. ასევე მზარდი დინამიკაა ტურიზმის სექტორში – გასულ წელს საქართველოში  საამიროებიდან 18.9%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. ხაზგასასმელია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისა და მგზავრთნაკადის სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, 2023 წელს პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 23.1%-ით მეტია.

საამიროების ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გაფორმდა და წელს შევა ძალაში. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით ათმილიონიან, მაღალ მსყიდველობითუნარიან ბაზართან წვდომას ნიშნავს. შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სტიმულირების შემდგომი ეტაპები, თუ როგორ უნდა დაახლოვდეს კერძო სექტორები უფრო მეტად იმისთვის, რომ საამიროებიდან ჩვენს  ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს.

საქართველოსთან ურთიერთობას და თანამშრომლობას ასევე მაღალი შეფასება მიეცა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის სექტორის განვითარების პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ამ მიმართულებითაც განსაკუთრებულად საინტერესოა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობა და საქართველოს მთავრობა მზად არის კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას  ენერგეტიკის სფეროში ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებისა და  დამატებითი  საინვესტიციო შესაძლებლობების შესაქმნელად

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ყველაზე დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტს, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარი“ განახორციელებს. მზის ახალი ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიების, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები