საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია, მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი, მათ შორის, მომსახურების გადასახადი.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის იანვარში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი შევიდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2 მოვაჭრეს 1200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე 13 შეთანხმება გაფორმდა.